„თვითშეფასება და ნდობა“ – ნათია ფანჯიკიძე

როგორ ყალიბდება ადამიანის, როგორც ინდივიდის, თვითშეფასება? ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმას, თუ როგორ აფასებს მას გარესამყარო, როგორ ურთიერთობს მასთან გარესამყარო. გარესამყაროს უპირველესი და მცირე მოდელი, რა თქმა უნდა, გახლავთ ოჯახი. პატარა ბავშვისთვის ხუმრობით შეფასებაც კი, თუკი ის ნეგატიურია, ძალიან მტკივნეულია და ის ძალიან დიდ კვალს ტოვებს შემდეგ, მოზრდილობაშიც, რაც მშობლებს ხშირად არ ესმით, ისინი ხშირად ამბობენ, რომ ის, რაც თქვეს, ხუმრობით თქვეს. ზოგჯერ თავად მშობელს არ აქვს მაღალი თვითშეფასება და მათ არ იციან, როგორ მიიღონ გარემოდან კომპლიმენტი. ალბათ, ხშირად ყოფილხართ ამ სიტუაციის შემსწრე ან თავად აღმოჩენილხართ ასეთ სიტუაციაში: გინახავთ ადამიანები, რომელთაც ეუბნები, როგორი ლამაზია და ის გპასუხობს: „კაი რა, რას ვგავარ.“ არ შეუძლია, რომ, უბრალოდ, სადად გადაგიხადოთ მადლობა კომპლიმენტისთვის და აუცილებლად იწყებს კამათს უხერხულობისგან: „რას ლაპარაკობ, რას ვგავარ? გავსუქდი. ძველი კაბა მაცვია.“ თითქოს, ის ათასგვარად ცდილობს, მოგიბოდიშოთ და განიშნოთ, რომ „არ გეგონოს, რომ მე ეს დავიჯერე.“ არადა, შენი კომპლიმენტი, შენი კეთილი განზრახვა სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ მას ეს დაეჯერებინა.

 

„აქაც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად ენდობა ადამიანი გარესამყაროს. ამ კომპლიმენტის მიღება, ერთი მხრივ, ეყრდნობა ჩვენს თვითშეფასებას, თუმცა, მეორე მხრივ, იმასაც, რამდენად ვენდობით გარესამყაროს.“

როდესაც ადამიანი მიჩვეული არაა გარესამყაროსგან კეთილგანწყობას, მას მიაჩნია, რომ როდესაც კომპლიმენტს ეუბნებიან, მას ატყუებენ ან დასცინიან და პირიქით: ადამიანი, რომელიც მიჩვეულია იმას, რომ მისი გამოჩენა უხარიათ, მის დანახვაზე ყველა იღიმის, ყველა უფრო ბედნიერი ხდება, უადრესი ბავშვობის ასაკიდან, ამ ადამიანებს აქვთ გარესამყაროს მიმართ მაღალი ნდობა, რომელიც ზოგჯერ უცრუვდებათ ხოლმე, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხოვრების მანძილზე, რაღაცა მტრულს არ გადააწყდება გარესამყაროში. წარმოუდგენელია, ცხოვრება ისე განვლოს, რომ ერთხელ მაინც არ დაჩაგროს ვინმემ, არ დასცინოს, სამყაროსგან ერთხელ მაინც არ მიიღოს უხეშობა, ცუდად მოპყრობა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძირითადი ნდობა ასეთ ადამიანებს არასდროს უცრუვდებათ, რადგან მათ ყოველთვის ფოკუსში აქვთ კაცობრიობის კეთილი მხარე, კეთილი განზრახვები და არასდროს მათ აღქმაში არ აღემატება ხოლმე გარემოდან წამოსული ბოროტება იმ სითბოს, რასაც ისინი ყოველ დღე იღებენ იმიტომ, რომ ფოკუსი გასწორებული აქვთ ნდობაზე, სითბოზე და მათ აქვთ კარგი უნარები, დაამყარონ კარგი ურთიერთობა.  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of