„სწორდით!.. სმენა!..“ – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

პედაგოგების ღვაწლზე უამრავი ინფორმაცია არსებობს და მათი როლის მნიშვნელობასა და ამაგში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ მაინც ხშირად ვხვდებით ინფორმაციას მათდამი ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ. ბავშვები ასახელებენ ფაქტებს, რომლებიც, მეტი რომ არ ვთქვათ, დანაშაულია. ძალადობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პრევენციის ფორმები, მულტიდისციპლინური მიდგომა, მანდატურის სამსახური, პედაგოგების მიერ მრავალგზის გამეორებული ტექსტი: – ,,ბავშვებმა კარგად იციან თავიანთი უფლებები, იქნებ პასუხისმგებლობებიც ასწავლოთ მათ!“ – მოწმობს, რომ ყველა რგოლი ნამდვილად ინფორმირებულია.

ვიცით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოზიტიური აღზრდის მეთოდი და მაინც კვლავ ხდება ბავშთა ტრავმირების და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტები.

მოგახსენებთ სკოლის დაწყებითი საფეხურის ეტაპზე ტრავმულ გამოცდილებებს, რომლებიც რამდენიმე ბავშვის ისტორიას აერთიანებს:

ამბავი 1.

,,მყავდა ერთი კლასელი, რომელიც ვერ სწავლობდა, მაგრამ გაკვეთილების მსვლელობისას არ ხმაურობდა, იჯდა და თავის საყვარელ საქმეს აკეთებდა;  ხატვა უყვარდა და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. ერთხელ პედაგოგმა შენიშნა, რომ ბავშვი მის მიერ დაწერილ ტექსტს დაფიდან არ იწერდა; მიუახლოვდა ბავშვს, ამოახევინა თავისი ხელით შექმნილი ნახატი, აიძულა, რომ დაეკუჭა და მთელი გაკვეთილის განმავლობაში პირში სდებოდა დაკუჭული ფურცელი…“

ამ შემთხვევას რეაგირება არ მოჰყოლია.

ამბავი 2.

„სკოლაში საუკეთესოდ მიიჩნეოდა ჩემი მასწავლებელი, რომლის კლასშიც მოხვედრა დიდი „მიღწევა“ იყო. თუ გაგიმართლებდა და მასთან აღმოჩნდებოდი, საუკეთესოდ გეცოდინებოდა მათემატიკა, რადგან დაწყებითი საფეხურის  სხვა გაკვეთილებს (შრომა, ხატვა, ფიზკულტურა) იგი არასერიოზულად მიიჩნევდა და ფაქტობრივად არ ჩაგვტარებია. ამ ,,არასერიოზული“ გაკვეთილების ნაცვლად გვქონდა მათემატიკა, მათემატიკა და მათემატიკა!

ცხადია, ეს საგანი ყველას ერთნაირად არ აინტერესებდა და  პედაგოგის ზრუნვასა და სიყვარულს იმსახურებდნენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც წარმატებულები იყვნენ; დანარჩენები კი აგრესიისა და ძალადობის მსხვერპლები ხდებოდნენ. მასწავლებელი ფიზიკურადაც გვეხებოდა – გვჩქმეტდა, თმებსა და ბაკებს გვიწიწკნიდა, სახეში გაგვარტყამდა… ,,კულმინაციურ“ დასჯის ფორმად ჰქონდა კიდევ ერთი მეთოდი კლასის წინაშე მოსწავლის გამოყვანა და ხმამაღლა ბრძანება: ,,გაიხადე! “ ამ დროს ბავშვი იწყებდა ტირილს და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მასწავლებლისავე ბრძანებით, უბრუნდებოდა თავის ადგილს…“

არც ამ შემთხვევას მოჰყოლია პასუხისგება.

მსგავსი ფაქტების შესახებ, ალბათ თქვენც გსმენიათ და სამწუხაროა, რომ ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია.  

ბავშვები მძიმედ იგონებენ საკუთარ ტრავმულ გამოცდილებას და მის შედეგებს დღესაც ებრძვიან. გონებასთან ერთად სხეულმაც დაიმახსოვრა ყველა ის შეგრძნება და განცდა, რომელიც მძიმე ფაქტებთან არის დაკავშირებული.  ტრავმული გამოცდილება ხელს უშლის ბავშვებს/მოზარდებს თვითგამოხატვაში, ინიციატივებისა და აზრის დაფიქსირებაში, უემოციოდ საუბარში, კონფლიქტების კონსტრუქციულ გადაჭრაში, პოზიტიურ კომუნიკაციასა და ახალი ურთიერთობების დამყარებაში… ბავშვებს აღენიშნებათ გაზრდილი აგრესია, რომელიც საკუთარი თავის ან სხვების მიმართ არის გამოხატული.

ერთ-ერთ ტრეინინგზე, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობას განვიხილავდით, ერთმა ქალბატონმა, თავადაც პედაგოგმა, ასეთი რამ თქვა: „იცით, როდის დავისვენე? ჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელი რომ გარდაიცვალა!“

ამ დიდი ტკივილის გამზიარებელმა ამბავი აღარ განავრცო…

  • ტრავმა არ არის დროებითი მოვლენა და მარტივად არ მიეცემა დავიწყებას, ამიტომ განსაკუთრებით მშობლებს ვთხოვ, რომ დიდი გულისყურით მოუსმინონ შვილებს, არც ერთი შემთხვევა არ მიიჩნიონ უმნიშვნელოდ;
  • აუცილებლად დააკვირდნენ ბავშების ქცევას, ცვლილებებს, რომლებიც, შესაძლოა ძალადობას მოჰყვეს. მაგალითად, სწავლისადმი ინტერესის განელება, უარი სკოლაში წასვლაზე, მომატებული აგრესია – სასკოლო ნივთების, სათამაშოების, დედმამიშვილების, მშობლების მიმართ…
  • არასოდეს დაამციროთ შვილი პედაგოგის თანდასწრებით;
  • არ მისცეთ შენიშვნა კლასის, მშობლების, სკოლისა თუ სხვა ბავშვების თვალწინ;
  • ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მოუსმენთ, გაუგებთ, მხარს დაუჭერთ;
  • თავადაც გააანალიზეთ, რომ იძულებით არ უნდა მიიღოს ახალი ინფორმაცია, სწავლა შესაძლებლობებია და არა სასჯელი; სკოლა და სწავლა უნდა დაკავშირდეს სასიამოვნო, სახალისო და სასარგებლოსთან;
  • თუ თქვენი შვილის მიმართ არ ხორციელდება ძალადობა და იცით, რომ მისი თანაკლასელია მსხვერპლი, ნუ უგულებელყოფთ ფაქტს. თქვენი შვილი პირდაპირი არა, მაგრამ ირიბი მსხვერპლია. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მძაფრად განიცდის სხვა ბავშვის შემთხვევას და უჩნდება მოლოდინი, რომ ,,თუ კარგად არ მოიქცევა“, თანაკლასელის მსგავსად დაისჯება;
  • რეაგირება არ ნიშნავს ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანას. ამ შემთხვევაში, გამოდის, რომ ,,მსხვერპლი“ ორმაგად ისჯება. პირველ რიგში, ის მოძალადის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია და თან, ახალ გარემოშიც უნდა ადაპტირდეს;
  • რას მიიღებს ბავშვი ახალ გარემოში გადაყვანით? – იმას, რომ თუ სხვა დროს კიდევ აღმოჩნდება ,,მსხვერპლი“, თავი კი არ უნდა დაიცვას და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს, არამედ სიტუაციას განერიდოს და გაიქცეს იქ, სადაც მართალი და ძლიერი იქნება;
  • ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, არ დაელოდოთ ყველაფრის თავისთავად დალაგებას; მაქსიმალურად შეეცადეთ დროული  რეაგირება მოახდინოთ და მიმართოთ მხარდამჭერ რგოლს, როგორიცაა: მულტიდისციპლინური გუნდი, მშობელთა კომიტეტი, დირექტორი, სკოლის ფსიქოლოგი, მანდატურის სამსახური, განათლების სამინისტრო, პოლიცია, სოციალური მუშაკი. თქვენმა შვილმა უნდა ისწავლოს საკუთარი უფლებების დაცვა, ღირსების  გადასარჩენად ბრძოლა; უნდა გაიაზროს, რომ სიმართლეა ძალა და არა სისუსტე და გაქცევა.

რაც შეეხება იმ გამონაკლის პედაგოგებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბავშვთა აღზრდა  სპორტია,  წვრთნაა და ,,ყრმის წკეპლით ცემით კივილი“, უნდა გააანალიზონ საკუთარი მეთოდები – რას აძლევს და ართმევს მოსწავლეს.

თუ ბავშვის მიმართ სიყვარულს არ ვგრძნობთ, არ ვაღიარებთ, არ ვცემთ პატივს მის ფუნდამენტურ უფლებებს, არ ვიზიარებთ, არ ვუსმენთ, არ ვზრუნავთ, მაშინ უმარტივესი გზაა  განვერიდოთ სფეროს, რათა ნაკლებად დავაზიანოთ იგი.

გახსოვდეთ, ბავშვებს არასოდეს ავიწყდებათ თუ როგორ გრძნობდნენ თქვენთან თავს!

P.S. ღირსეულ პედაგოგებზე სასაუბროდ, ამ თემას აუცილებლად დავუბრუნდები.

 

აზროვნების აკადემიის ბაღის ხელმძღვანელი და საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

ილუსტრაცია ვებ-გვერდისთვის მოამზადა დარია ცინცაძემ.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის