„სოციალური ქსელების უარყოფითი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“

რატომაა სოციალური მედია ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და რა შეიძლება გავაკეთოთ სოციალური მედიით სარგებლობის სიხშირის შემცირებისთვის.

წლის პირველი თვეები თავშეკავების, თვითდაკვირვების და განახლების ხანაა. ამას ძველი დროის ისეთი ტრადიციაც მოწმობს, როგორიცაა, მაგალითად, დიდი მარხვა. იმავეს ასახავს ისეთი ახალშობილი ტრადიციები, როგორიცაა ალკოჰოლისგან თავისუფალი იანვარი და ვეგანური თვე.

შემდეგი ტრადიცია, რომელიც ნელ – ნელა მკვიდრდება, ციფრული სამყაროს გავლენებისგან დეტოქსიკაციის სახელითაა ცნობილი. ეს ტრადიცია საკუთარი ნებით ციფრული მოწყობილობების გამოყენებისგან თავშეკავებას გულისხმობს. განსაკუთრებით კი, სოციალური მედიის გამოყენების დროებით შეწყვეტას. ეს მიდგომა სოციალური მედიისა და ციფრული მოწყობილობების შემაშფოთებლად მზარდი გამოყენების პასუხად ჩამოყალიბდა.

მართლაც, კვლევები ცხადყოფს, რომ, ბოლო წლების მანძილზე, სოციალური მედიის გამოყენების სიხშირე იზრდება. მაგალითად, ერთ – ერთი კვლევის შედეგების თანახმად, სტუდენტების 20 პროცენტზე მეტი სოციალური მედიით დღეში ხუთ საათზე მეტის მანძილზე სარგებლობს. მეტისმეტია?

როგორ გავლენას ახდენს სოციალური მედიით საგრებლობა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

უფრო მეტი და მეტი კვლევა ცდილობს სოციალური მედიის გამოყენებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირის დადგენას. ისინი ერთ მკაფიოდ გამოხატულ დასკვნას გვთავაზობენ: სოციალური მედიის იშვიათად გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობის უკეთეს მდგომარეობას უკავშირდება.

მაგალითად, ერთ – ერთი, ფართომასშტაბიანი კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იშვიათად თუ იყენებენ სოციალურ მედიას სამჯერ უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს დათრუგვილად, ვიდრე ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიას მეტისმეტად ხშირად იყენებენ.

სხვა კვლევამ გამოავლინა, რომ ადამიანები, რომლებიც სოციალური მედიით ორ საათზე მეტხანს სარგებლობდნენ, გაცილებით ხშირად აფასებდნენ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას, როგორც „არადამაკმაყოფილებელს,“ ვიდრე – ადამიანები, რომლებიც ორ საათზე ნაკლებს ატარებდნენ სოციალური მედიის სივრცეში.

მნიშვნელოვანია ერთ – ერთმა ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები,  რომლის მიხედვითაც, ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ნახევარ საათს ატარებდნენ სოციალურ მედიაში, დეპრესიისა და შფოთვისათვის დამახასიათებელი გაცილებით ნაკლები სიმპტომი უვლინდებოდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში შემავალ ადამიანებს.

ყველა ზემოთ განხილული კვლევა მიანიშნებს იმაზე, რომ სოციალურ მედიაში ჭარბი დროის დაყოფა უარყოფითად აისახება ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

სოციალური მედიის პასიური გამოყენება

არსებობს სოციალური მედიის პასიური და აქტიური გამოყენება. პასიური გამოყენება გულისხმობს სხვა ადამიანებზე ჩუმად დაკვირვებას სოციალურ მედიაში. კვლევები ცხადყოფს, რომ სოციალური მედიის პასიური გამოყენება ამწვავებს შურს, სინანულს და შფოთვის აღმძვრელ შიშს, რომელიც ცხოვრების ერთფეროვნად გატარების მტანჯველ შიშს უკავშირდება (Fear of Missing Out (FOMO)).

მარტივია გაიგო, რა უდევს ამ განცდებს საფუძვლად. სოციალური მედიის ბევრი მომხმარებელი ამ სივრცეში თავისი ცხოვრების დაწმენდილ, არარეალისტურად ფილტრირებული ვერსიების გაზიარებას არჩევს. აღმაფრთოვანებელი წუთები წარმოჩენილია, როგორც ყოველდღიურობა და ნორმა მაშინ, როდესაც მონოტონური, ყოველდღიურ საზრუნავსა და მომაბეზრებელ რუტინაზე ადამიანები საჯაროდ თითქმის არ საუბრობენ.

შესაძლოა, შთაბეჭდილებისადმი მოწყვლადმა ახალგაზრდა ადამიანებმა შეუსაბამო სოციალური შედარებები გააკეთონ. მაგალითად, კვლევა ცხადყოფს, რომ სოციალური მედიით მოსარგებლე ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ სხვებს გაცილებით მრავალფეროვანი, აღმაფრთოვანებელი და ბედნიერი ცხოვრება აქვთ, ვიდრე – მათ. ამან კი შესაძლოა, მათ თავი არასრულფასოვნად და მოთხოვნებთან შეუსაბამოდ აგრძნობინოს, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს საკუთარი თავისადმი დადებით დამოკიდებულებას და აძლიერებს შფოთვას.

სოციალური მედიით აქტიური სარგებლობა

სოციალური მედიით აქტიურად სარგებლობს ადამიანი, რომელიც ხშირად პოსტავს ვიდეორგოლებს, სურათებს, აახლებს სტატუსს, ეხმაურება სხვებს კომენტარებით ან განათავსებს პოსტებს. სოციალური მედიით აქტიურ სარგებლობას თან ახლავს შთაბეჭდილების მოხდენაზე დამთრგუნველი ზრუნვა, რომელსაც საფუძვლად სხვებისგან აღიარების და აღფრთოვანების ძიება უდევს. ფსიქოლოგიაში ამას „გარემოზე დამოკიდებული აღიარების“ ძიებას უწოდებენ. ურბანული სლენგი კი ამას „ლაიქების დევნას“ უწოდებს.

მართლაც, ამ ყველაფერს, შესაძლოა, საკუთარი თავის და სხეულის ხატისადმი გამკიცხავი გაფაციცება მოჰყვეს. ზოგიერთი კვლევა იმაზე მიანიშნებს, რომ „ჩემი სახალისო ცხოვრების“ ჩვენებისთვის გაღებულ, დამღლელ ძალისხმევას მძიმე ფსიქიკური საზღაური აქვს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, როდესაც სასურველი აღიარება იგვიანებს. შესაძლოა, ამან საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებას და თვითგვემას დაუდოს სათავე.

 

სოციალური მედია და სხეულის ჯანმრთელობა

უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ სხეულისა და ფსიქიკის ჯანმრთელობა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ სოციალური მედიის ჭარბად გამოყენება უარყოფითად აისახება სხეულის ჯანმრთელობაზე.

მაგალითად, ერთ – ერთმა კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ სოციალური მედიის გამოყენება (განსაკურებით, ძილის წინ) უარყოფითად აისახება ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. ეს კი შემაშფოთებელია, რადგან კარგი ძილი სხეულსა და ტვინს დასვენებისა და განახლების საშუალებას აძლევს. მართლაც, ძილის მოუწესრიგებლობა გაუარესებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ – ერთი წინაპირობაა.

სოციალური მედიით აქტიურად მოსარგებლე ადამიანები ხანგრძლივად უყურებენ პატარა ეკრანს, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სახის თავის ტკივილის და მხედველობის პრობლემების გამოვლენას. სოციალური მედიით სარგებლობის ჩვევამ შესაძლოა აღკვეთოს ისეთი საქმიანობები, როგორიცაა სეირნობა და ა. შ. ასეთი აქტივობები კი ხელს გვიწყობს ფსიქიკური კეთილდღეობის განცდაში.

სოციალური მედია და სოციალური აქტივობა

სოციალური მედია მომხმარებლებს მსგავსი ინტერესებისა და მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებთან დაკავშირებაში ეხმარება და სოციალური წრის გაფართოებას უწყობს ხელს. სოციალურ მედიაზე საუბრის დროს, შეუძლებელია, მისი დადებითი მხარეების უგულებელყოფა: სოციალური მედიის ზომიერად გამოყენებას სოციალური კაპიტალის დაგროვებაში დახმარებაც შეუძლია.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პირისპირ ურთიეთობაზე უარის თქმით, სოციალური ქსელებით მოსარგებლე ადამიანები, სავარაუდოდ, განამტკიცებენ თავიანთ ჩვევებს. მაგალითად, ერთ – ერთი უკანასკნელი ანგარიში ცხადყოფს, რომ ადამიანები ონლაინ – პაემნების აპლიკაციების სივრცეში, სულ მცირე, 90 წუთს მაინც ატარებდნენ. იქნებ, უკეთესი ყოფილიყო, ეს დრო სხვა ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობაში გამოეყენებინათ?

მართლაც ყურადსაღები კვლევა ცხადყოფს, რომ ადამიანებთან დამაჯილდოვებელი, პირისპირ მიმდინარე ურთიერთობა გვიცავს დეპრესიის, შფოთვის და სხვა ფსიქიკური მდგომარეობებისაგან. ადამიანებთან პირისპირ ურთიერთობა გაცილებით უკეთესია ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, ვიდრე – ონლაინ სოციალური აქტივობა.

ციფრული სამყაროსგან გათავისუფლებისთვის საჭირო გზები

მტკიცებულებები მკაფიო დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს. ციფრული მოწყობილობებისა და სოციალური მედიის მეტისმეტად ხანგრძლივი გამოყენება ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ციფრული სამყაროსგან განწმენდა საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ – ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიად უნდა ჩაითვალოს.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ამ შემთხვევაში სრულად თავშეკავება გაცვეთილი და არაფრისმომცემი რჩევა იქნებოდა, რადგან ბევრი ადამიანი ციფრულ მოწყობილობებს ბიზნესის მართვის, საგანმანათლებლო და საოჯახო მიზნებისთვის იყენებს. ამის ნაცვლად, ქვემოთ მოცემულია სამი ნაბიჯი, რომლებიც სოციალური მედიის თქვენ სასარგებლოდ გამოყენებაში დაგეხმარებათ.

პირველი ნაბიჯი დროს უკავშირდება. ზოგიერთი ადამიანი არჩევს, სოციალური მედიისა და ციფრული მოწყობილობების გამოყენებისგან დღის განსაზღვრულ ნაწილში ან კვირის კონკრეტული დღის მანძილზე შეიკავოს თავი. ეს, მაგალითად, შეიძლება გულისხმობდეს ღამის 9 საათის შემდეგ ან კვირა დღეს სოციალური მედიის გამოყენებაზე უარის თქმას. ასეთი სტრატეგია დასვენებასა და ძილის გაუმჯობესებაში გვეხმარება და შეგვიძლია, ჩვენს ინდივიდუალურ თავისებურებებს შევუსაბამოთ.

მეორე ნაბიჯი სივრცეს უკავშირდება. ზოგიერთი ბრიტანული ლუდის ბარი „სივრცე ტელეფონების, ლეპტოპების და პლანშეტების გარეშე“ მიდგომას ნერგავს იმისათვის, რომ ადამიანებს შორის პირისპირ ურთიერთობას შეუწყოს ხელი. ზოგიერთი ადამიანი აწესებს სოციალური მედიისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენებისაგან თავისუფალ სივრცეებს. მაგალითად, ისინი თავს არიდებენ საძინებელ და სასადილო ოთახებში სოციალური მედიის სივრცით სარგებლობას. ამ მიდგომის შეცვლა ინდივიდუალური თავისებურებებისამებრ შესაძლებელია.

მესამე საფეხური ალტერნატივებს ეხება. ბევრი ადამიანი სოციალურ მედიასა და ციფრულ მოწყობილობებს სოციალური ვაკუუმის შევსებისთვის იყენებს. ციფრული სამყაროსგან გათავისუფლება სხვა აქტივობებისთვის დროის გამოყოფის საშუალებასაც მოგცემთ, რომლებიც უკეთ შეავსებს ვაკუუმს. თქვენ შეგიძლიათ, იმ აქტივობების ჩამონათვალიც შეადგინოთ, რომლითაც შეავსებთ გათავისუფლებულ დროს. ასეთი აქტივობები შეიძლება იყოს ძველი ინტერესები, გატაცებები ან მოხალისეობა.

ციფრული სამყაროსგან დეტოქსიკაცია თვითდაკვირვებისა და განახლების შესაძლებლობას მოგცემთ. ის შესაძლოა, დადებითად აისახოს სხეულის და ფსიქიკის ჯანმრთელობაზე. ასევე, შესაძლოა, დრო სხვა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო საქმიანობებისათვისაც გაგითავისუფლდეთ.

სცადეთ და თავად შეაფასეთ.

 

რობ უითლი, Ph.D., მაკგილის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის განყოფილების ასისტენტ პროფესორი და დუგლასის საავადმყოფოს კვლევითი ცენტრის მეცნიერ – მკვლევარია.

სტატია ვებსაიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

ნახატი სტატიისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.

წყარო: https://bit.ly/38qGDY6

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის