„რა ხდება ნარკოტიკის მიღების დროს?“ – ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მათთან გათანაბრებული მედიკამენტების არამიზნობრივი და სპეციალისტის დანიშნულების გარეშე მოხმარება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა. ეს საკითხი ძალიან ბევრ ოჯახშია აქტუალური და ყველას აწუხებს. თემაზე იმდენად ბევრი საუბრობს, რომ თითქოს ახალს ვერაფერს დაამატებ, მაგრამ მაინც საინტერსოა სხვა რაკურსიდან მისი დანახვა და შეფასება.

ნარკოტიკზე უამრავი მითი არსებობს და ყველა აბსოლუტურად  სხვადასხვაა.  საკითხის გაანალიზება და მსჯელობა თითქმის ყველა მხრიდან შეიძლება. რას უნდა მიექცეს ყურადღება? პირველ რიგში, ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიამოვნების განცდა. ფსიქოლოგიაში ზოგიერთი მიმართულება პიროვნების შესწავლის მთავარ მოტივატორად, ან ქცევის მთავარ მოტივატორად  სიამოვნებას მიიჩნევს. სიამოვნების პრინციპი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და არსებობს სამი ტიპის – პასიური, აქტიური და პასიურ-აქტიური.

პასიური სიამოვნება ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში მიღებული განცდაა, რომელიც თითოეული ჩვენგანის გამოცდილებაშია. კერძოდ კი, როგორ ვიყავით მშობლის სხეულში, არ გვედარდებოდა არაფერი, დაცულები, უსაფრთხოდ და თავისთავად გვეძლეოდა ყველაფერი, რაც გვჭირდებოდა. დაბადების შემდეგ ადამიანი სხვა ტიპის სიამოვნებებსაც განიცდის. თუმცა, პასიური სიამოვნება ისევ აქტუალური რჩება და სტატიკური მდგომარეობა ზოგისთვის საკმაოდ მისაღები და მნიშვნელოვანია. პასიური სიამოვნების მაგალითად შესაძლებელია ჩაითვალოს ნებისმიერი ქმედება: ზღვაზე გარუჯვა, ტახტზე წამოწოლა, ტელევიზორის პულტი, რბილი სავარძელი, მოხერხებული სკამ-დივანი, ავტომანქანის დიზაინი და ასე შემდეგ.

არსებობს მეორე ტიპი – აქტიური სიამოვნება, რომელიც ამა თუ იმ პირის აქტივობასთანაა დაკავშირებული. ეს არის თხილამურებზე დგომა, ცეკვა, ფიტნესი, ავტომანქანის ექსტრემალური მართვა, პარაპლანით ფრენა ან მსგავსი რამ. მესამე ტიპი პასიურ-აქტიური სიამოვნებაა, რომლის განცდაც შესაძლებელია შემდეგნაირად – ადამიანი იჯდეს სავარძელში და ოცნებობდეს, რომ თხილამურებზე დგას, ანუ თან პასიური იყოს და თან აქტიური. ის საკუთარ წარმოსახვასა და ოცნებაში მოგზაურობს და სრიალებს.

კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) და სხვა ფსიქოანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ყველა ჩვენგანი გარკვეულ ინფორმაციას ატარებს. რას გულისხმობს ზოგადსაკაცობრიო ინფორმაცია? ბიბლიურ ქრონოლოგიას სამყაროს შექმნამდე თუ გადავხედავთ, ადამ და ევას შექმნის ისტორიასაც გავეცნობით. მათ ზუსტად იციან, რა არის სამოთხე და ნეტარება. მთელი ცხოვრება ადამიანი ამ ნეტარებას დასდევს, სადღაც დაეძებს, ვერ პოულობს და ვერც ვერასოდეს იპოვის, იმიტომ რომ ის აქ, დედამიწაზე არ არის. ის სადღაც სხვა განზომილებაშია, მისი მოძებნა-აღმოჩენა და განცდა კი, პრაქტიკულად შეუძლებელი. ერთი რამ უდავოდ ცალსახაა – ადამიანს აქვს იმ დიდი სიამოვნების, ნეტარების გამოცდილება და სულ მას დაეძებს. ვინ როგორ ან რა გზით ცდილობს მიაკვლიოს ამ სიამოვნებას და ნეტარებას, ცალკეული პირების არჩევანზეა დამოკიდებული.

გასულის საუკუნის 90-იან წლებში თბილისის სამოქალაქო თუ აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, ჩვენს რეალობაში საკმაოდ გაიზარდა მარიხუანას, ე.წ. „პლანის“ მომხმარებელთა რაოდენობა. მარიხუანასგან მიღებული ზიანი იმდენად დიდია, რომ გამოგონილ, დადებით სამედიცინო თვისებებზე საუბარიც კი არ ღირს. რეალურად მისი მოხმარება უამრავ სხვადასხვა  პათოლოგიას იწვევს. მარიხუანას მოხმარება რეალობიდან გაქცევის ერთ-ერთი საშუალებაა. მისი გამოვლენა ე.წ. „ხავერდოვანი მდგომარეობაა“ – არაფერი მოგეკითხება, არაფერი გედარდება და ხარ მსუბუქად. ამ მდგომარეობას  მესამე-მეოთხე მოხმარების შემდეგ საკმაოდ მძლავრი ლტოლვა მოჰყვება. ვისაც ეს ლტოლვა  გამოუცდია, იცის, რომ ეს  გაათასმაგებული სახით გამოვლენილი სურვილია და წარმოუდგენელი შეგრძნებაა. ადამიანი ამ დროს კარგად და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ აზროვნებს. მის ცნობიერში წარმოქმნილი მთლიანპიროვნული ემოციები მთლიანად იპყრობს და მისი ქცევაც, შესაძლოა, არ იყოს ადვილად გასაკონტროლებელი.

ფსიქოლოგიაში არსებობს „დოპამინური თეორია“, რომლის თანახმად ნივთიერება დოპამინის ნეირომედიატორული სიჭარბე  შიზოფრენიას იწვევს. შიზოფრენიული კლინიკა უმეტესად ნარკომომხმარებლების შემთხვევებში ვლინდება. სახეზეა ფსიქოზი ან დაქტილური და მხედველობითი ჰალუცინაციები. ამ დროს, ადამიანი გარემოსთან ადაპტირებას საერთოდ ვერ ახერხებს. ამავე ნივთიერების ნაკლებობა კი,  პარკინსონალურ სინდრომში გამოიხატება.

რისგან იღებს ადამიანი სიამოვნებას? ეს განცდა თითოეული ჩვენგანისთვის ინდივიდუალურია. მაგალითად, ჭამა ერთ-ერთი ანტიდეპრესანტია, რომელიც ყველას სიამოვნებს. ამ დროს გამოიყოფა დოპამინი, სიამოვნების ჰორმონი. ის პიკური პრინციპით მუშაობს და უკუჩაჭერის მექანიზმი აქვს. განვიხილოთ, რას წარმოადგენს ეს მექანიზმი: წარმოვიდგინოთ რეზერვუარი, რომელშიც ეს ნივთიერება ინახება. ჭამის პროცესში ის ჩამოიღვრება, კლიტე-გასაღების ფუნქციით გატარდება და უჯრედში შედის. ეს სიამოვნების განცდაა, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს. გარკვეული დროის შემდეგ, უკუჩაჭერის პრინციპით უკან ბრუნდება და მომავალი სიამოვნებისთვის ისევ რეზერვუარში ინახება.

რა ხდება ნარკოტიკის მიღების დროს? მაგალითად, ადამიანი მოიხმარს ოპიუმს, რომელსაც ბუნებრივ დოპამინთან ძალიან მიმსგავსებული ფორმულა აქვს. „მესაზღვრე“ ვერ „ცნობს“ და ისიც ტვინის შესაბამის უჯრედში თავსდება. ამის შემდეგ  განსხვავებული ფორმულის გამო, „უჯრედში ჩატეხილ“ სახეს იღებს. ეს კი, რეცეპტორების გაქრობას და ტვინის მილიარდობით უჯრედის დაზიანებას იწვევს. ტვინის ქერქში მიდის ინფორმაცია, რომ აქ დოპამინის ადგილი აღარაა და, შესაბამისად, ამ ნივთიერების ახალი ვერსიაც აღარ მუშავდება. დოპამინის ახალი ვერსიის არარსებობას აბსტინენციის სინდრომი, ე.წ. „ლომკა“ ჰქვია. მას სხვადასხვა გამოვლინება აქვს – პანიკური შიში, წნევის ცვალებადობა, ფაღარათი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრული მოშლა, ქავილი, ყველა კუნთის დაჭიმვა, საშინლად იწევს შაქარი და ასე შემდეგ.

ოპიატების ჯგუფიდან აღსანიშნავია კოკაინი. ეს ნარკოტიკი სტიმულანტი არ არის და მესამე-მეოთხე მიღებიდან ადამიანი მასზე საბედისწეროდ დამოკიდებული ხდება.  იწყება „ტვინის შიმშილი,“ რომელსაც ვერაფერი შველის და ძალიან მაღალი ტოლერანტობა, დოზაზე დამოკიდებულება ჰქვია. შესაბამისად, სიამოვნების მისაღებად  დოზის გაზრდაა საჭირო.  სწორედ ამ დროს  ისეთი ზედოზირება ხდება, რომ სუნთქვის ცენტრი სრულად ჩერდება და ადამიანი იღუპება. ეს იმის გამოა, რომ დოზის კონტროლირება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან თერაპიულ დონეს ასჯერ და ორასჯერ აღემატება. 

რთული წარმოსადგენია, რას უმკლავდება ადამიანის ორგანიზმი. ერთი შეხედვით, თითქმის შეუძლებელია ამის გაძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ნარკოტიკი ადამიანში კლავს ნეტარებას და აკარგვინებს სიხარულის შეგრძნებას. სიხარულდაკარგული, ჩამქრალი თვალები – აღარაფერი ახალისებს, არ აკმაყოფილებს ქალთან ურთიერთობა, აღარ სურს მეგობრები. სხვათა შორის, პირველ ეტაპზე არის განცდა, რომ ოპიუმი პოტენციას აუმჯობესებს. თუმცა, ეს მხოლოდ იმიტაციაა და სინამდვილეში, პოტენციის მხრივ, ოპიუმი საკმაოდ საშიში ნარკოტიკია.

სამწუხაროდ, კაცობრიობა დამარცხებულია ნარკოტიკთან მიმართებაში. მათ შორისაა  საქართველოც. ქვეყანაში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც როგორი სიამოვნება მოსწონს, ისეთი ტიპის ნარკოტიკზე ხელი არ მიუწვდება. საქართველოში წამალდამოკიდებულები ჩვეულებრივ იმას მოიხმარენ, ყნოსავენ, იკეთებენ, რასაც შოულობენ. პრეპარატების ნაწილი აფთიაქებში იყიდება. მათგან კუსტარულად რაღაცას ხარშავენ, დაწყებული ნაძვის ხის წიწვებით, დამთავრებული ბენზინითა თუ საპირფარეშოს საწმენდი ხსნარის დამატებით. ეს კი, თავის ტვინის მთლიან დაზიანებას იწვევს. ასევე საგანგაშოა, რომ ჩვენს ქვეყანაში პრეპარატების ახალ-ახალი ვარიანტები შემოდის სხვადასხვანაირი შეფუთვით და შემადგენლობით, მაგრამ ზემოქმედება და გამოვლინება ძირითადად იგივეა.

ადამიანს  ბევრი ტრაგედია შეიძლება შეხვდეს, მაგრამ სიხარულის განცდას რომ კარგავს, ნებისმიერ ტრაგედიაზე უარესია. თავის ტვინში მადლიერების გრძნობას საკუთარი ცენტრი აქვს. მადლიერების ცენტრის დაზიანების დროს პირდაპირი ხიდი იდება დეპრესიასთან როგორც დაავადებასთან და მდგომარეობასთან. ყველას აქვს ოთხი ბაზისური ემოცია – სევდა, ბრაზი, შიში და სიხარული. ნარკოტიკი ადამიანს აკარგვინებს სიხარულის განცდას. ყველა ემოცია საჭირო და აუცილებელია, მაგრამ სიხარული უმთავრესი განცდაა ადამიანისთვის, რადგან ადამიანი სწორედ სიხარულისთვის არის გაჩენილი.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.

ილუსტრაცია ვებ-გვერდისთვის მოამზადა დარია ცინცაძემ.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის