ილია ჭავჭავაძე

„ჭეშმარიტი განთლება განვითარებულ გონების და გაწურთვნილის ზნე-ხასიათის ერთმანეთთან შეუღლებაა განუყრელად. თუ კაცს ან ერთი აკლია, ან მეორე, იგი განათლებული არ არის, და ჩვენის ფიქრით, ისევ გონება განუვითარებელი და ზნე-ხასიათ გაწურთვნილი კაცი სჯობია, ვიდრე გონებაგანვითარებული და ზნე-ხასიათ გაუწვრთნელი, ამიტომაც დღევანდელ დღეს ადვილად შესაძლოა შეჰხვდეთ, – კაცი ცოდნით ერთი იყოს, მოქმედებით და ცხოვრებით კი – სრულიად სხვა.“

 

“ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.“

 

„ქართველს კაცს, ჩვენდა საუბედუროდ, საქმე ისე გაუხდა, რომ „კარგი რამ სჭირდეს, უნდა უკვირდეს, ავი-კი რა საკვირველია“. ამ ყოფაში ჩავარდნილი ერი, თუ მთელი ძალ-ღონე არ მოიკრიბა და ამ საფლობიდამ არ ამოვიდა, ფონს ვეღარ გავა დღეს. ჩვენს დღევანდელს ჭირს ფესვი აქა აქვს გამდგარი, შიში მერმისისა აქედამ მოჰქრის. მოდით და პირში წყალი ჩაიყენეთ და ნურას იტყვით, აქაო და ახალი წელიწადიაო! სატკივარი არას უზამს კაცს, თუ მიზეზი თავისს დროზე გაუგო. თვალებზე ხელის მიფარებას თავის-დღეში არავისთვის ხეირი არ მოუტანია. ჭირი დანახული სჯობს დაფარულსა, თუმცა ორივ ჭირია და არც ერთი არ არის სანატრელი.“

 

„მამული!.. ამ სიტყვის ყოვლად-მპყრობელი მნიშვნელობა ვრცელია და ფართო. იქ, საცა ხალხობა დარღვეული არ არის და განთვითეულება — ეგ ჭირთაჭირი არა მეფობს, იქ მაგ სიტყვის აზრი ცხოვრების მიმნიჭებელი სულია, მთელის ხალხის ერთიანი მაჯის ერთიანი ძარღვია. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ თვითეულსა — მთელის ხალხისა და მთელს ხალხს — თვითეულისა ჭირი და ლხინი წარმოუდგება ხოლმე. იქ მაგ სიტყვის ხსენებაზედ დიდი და პატარა, ქალი და კაცი თავის ქვეყნის ნაღველითა ნაღვლობს, ლხენითა ლხინობს, დღეობითა და დიდებითა — დღესასწაულობს. იქ მაგ სიტყვაში ყოველია და ყოველში ყველა არის. ჩვენში? ჩვენშიაც მაგ სიტყვას მაგეთი მნიშვნელობა ჰქონია თურმე. იცი როდის? როცა ჩემი „მე“ და შენი „მე“ ჩვენის ერთიანის ხალხის ცხოვრების საყევარში ერთად ბმულა. ახლაო, მკითხავ, მკითხველო? ნუთუ მაგას კითხვა-ღა უნდა? განა შენ თითონ არ იცი, რომ ეხლა ეგ დიდებული სიტყვა თვითეულის ჩვენგანის გათავთავებულს უძრავს ქონებასა ნიშნავს და არა მთელის ხალხის სამშობლოს, — ბინასა, რომელიც ქვისა და კირის მაგიერ ჩვენის მამა-პაპის სისხლითა და ძვლებით დამყარებულია. სადღაა მამული? ხორცის დაუძლურებას სულის დაუძლურებაც ზედ მისდევს: განვთვითეულდით, და რამოდენადაც თვითეული ჩვენგანი მთელს ქართველობაზედ უძლურია და პატარა, იმოდენად თვითეულის ჩვენგანის აზრი საყოველთაო საგანზედ დაუძლურდა, დაპატარავდა. ჩვენს დაფუყებულს და შევიწროებულს
გონებას სადღა შეეძლო ექონია ის ვრცელი და დიდებული აზრი დიდებული სიტყვისა? მამულის ხსენებაზედ ეხლანდელს ქონდრის-კაცს თავისი ნეხვდაყრილი სახნავი მიწა წარმოუდგება ხოლმე; მამულისათვის ბრძოლა ეხლა სასამართლოში შეტანილი ღერბიან ქაღალდზედ სადავო საჩივარია; მამულისთვის ძლევამოსილობა — მოგებულის საქმის განაჩენის
პირია, ჯეროვანად შემოწმებული; მამულის სიმაგრე — ტყრუშული ღობეა, ვენახ გარეშემო შემორტყმული; მამულის პატივი — ნეხვია, სახნავ მიწაზედ სასუქად დაყრილი; მამულის- შვილობა — მხვნელისა და მთესველის სახელიღაა.“

 

„რა არ გადაგვხდენია თავს, რა მტრები არ მოგვსევიან, რა ვაი-ვაგლახი, რა სისხლის ღვრა, რა ღრჭენა კბილთა არ გამოგვივლია, რა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ყველას გავუძელით, ყველას გავუმაგრდით, შევინახეთ ჩვენი თავი, შევირჩინეთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მიწა-წყალი, ლანგთემურებმა ჩვენს საკუთარს სისხლში გვაბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქცაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდეგით, მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანს და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმს დაგვიჭრას!.. დრო-ჟამი ამას გვიქადის… რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“.

 

„უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული,მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის.“

 

„უმეცრობა და უვიცრობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავისს ქერქშია, — რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა. ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება და სხვას მჩვარში არ ახვევს. მან თავისი ყადრი და ადგილი იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს ახლოც არ ეკარება“.

 

„ვინც ლაფში თავიდან ფეხებამდე ამოსვრილია, არ შეიძლება ისე შეეხოს სხვას, რომ თავისი ლაფი იმასაც არ მოაცხოს.“

 

„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს!“

 

„ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.“

 

„პაწია ყრმავ, ეხლა როცა პირველად მოდიხარ ქვეყანაში, შენ სტირი და შენს გარშემო კი ყველას სიხარულის ღიმილი მოსდის, იყავ ისე, რომ როცა ქვეყანას ეთხოვებოდე, ყველანი სტიროდნენ და მარტო შენ კი ღიმილი მოგსვლოდეს.“

 

„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.“

 

„მარტო შენი მტერი დაგიმალავს, შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე.“

 

„ფეხს ვერ გასძრავთ, თუ საკუთარის ტვინის ძაფები არ ამოქმედეთ, თუ საკუთარი გრძნობა და ჭკუა არ წაიმძღვარეთ, თუ საკუთარი მსჯელობა არ იქონიეთ.“

 

„დროთა ბრუნვამ სხვის მაყურებლად გაგვხადა, სხვაზედ იმედს შეგვაჩვივა და ამაებმა სრულიად წარწყმიდეს ჩვენში ის თვითმოქმედების ძალ-ღონე, რომელიც უწინ იყო და რომელიც თუკი სადმე არის, ყველგან ხალხის ბედნიერების სათაურია და საფულძველიც. ხსნა ჩვენი თვითმოქმედებაში და ერთიანობაშია, საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა, საცა ერთი ვერას იქმს, იქ ოცსა და ორმოცს ერთად შეუძლიან ჰქმნას.“

 

„ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის.“

 

 

 

 

 

This entry was posted in . Bookmark the permalink.