ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგენელი

 ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მდგენელი, სხვა ყველაფერთან ერთად, ცხოვრებისადმი ცნობისმოყვარე დამოკიდებულება და საკუთარი და სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვის სურვილიცაა. მათ შორის, ისიც, რომ შემეძლოს მარტივი კითხვების დასმა: რას ვგრძნობ? რას ვფიქრობ? როგორ ვიქცევი? რას გრძნობენ, რას ფიქრობენ და როგორ იქცევიან ირგვლივმყოფები? როგორ ავხსნა ჩემი ქცევა? როგორ ავხსნა მათი ქცევა? რა შემიძლია საკუთარი და სხვების ტანჯვის შემსუბუქებისთვის? რასაც ვაკეთებ, ნამდვილად შემიმსუბუქებს მე ან სხვას ტანჯვას?

ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგენელი, სხვა ყველაფერთან ერთად, საკუთარი და სხვების შესაძლებლობების საზღვრების აღიარებაცაა. საფრთხის არსებობის აღიარება და, აქედან გამომდინარე, ხელშეუხებლობის ცრუ განცდაზე უარის თქმა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. მათ შორის, მარტივი კითხვის დასმის უნარი: რასაც ვაკეთებ, შემიძლია ამისი უსაფრთხოდ გაკეთება? რის გაკეთებასაც ვგეგმავ, მაქვს დაგეგმილის გაკეთების შესაძლებლობა და რას მოიცავს ეს შესაძლებლობა? როგორ დავიკმაყოფილო საკუთარი სურვილი უსაფრთხოდ? უბრალოდ, იმის აღიარების უნარი, რომ რაღაც, რაც მინდა, მისი მიღება არ შემიძლია და არც სხვებს შეუძლიათ ჩემთვის ამის გაცემა. ეს სინამდვილეა, რომელიც მზღუდავს და მე შემიძლია, ამის მიუხედავად, ბედნიერების განცდის უნარი შევინარჩუნო და უარი ვთქვა ქმედებაზე, თუ ეს საჭიროა.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მდგენელი ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის უნარია. მათ შორის, მარტივი კითხვის დასმის უნარი: ჩემი ქცევები ჩემზე სხვაზე როგორ აისახება? ხომ არ ვაზიანებ საკუთარ თავს ან სხვას? მათ შორის, გულწრფელი პატიების თხოვნის უნარი, რაც, თავის მხრივ, იმის გაცნობიერებას ემყარება, რომ უშეცდომო არავინაა. მათ შორის, მეც. მათ შორის, ირგვლივმყოფები. თუმცა, ამის მიუხედავად, შემიძლია, შეცდომა ვაღიარო, ბრალეულობის განცდა ზრდისთვის გამოვიყენო და საკუთარი ქცევა და დამოკიდებულებები შევცვალო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მდგენელია თანაგანცდის და საზღვრების დაწესების უნარი. იმის უნარი, რომ შევძლო, ადამიანების ქცევის ახსნა და გაგება, თუმცა, ამავდროულად, უარის თქმა, თუ მათი ქცევა მე მაზიანებს ან, თუ, უბრალოდ, არ შემიძლია, მათ სურვილებს ან თხოვნას გამოვეხმაურო. მარტივად: პირობა დავდო და შევასრულო.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ – ერთი მდგენელია დახმარების თხოვნის და მისი გაცემის უნარი: როდესაც შემიძლია, მივხვდე, რომ დახმარება მჭირდება და ვივარაუდო ან მოვიაზრო, რომ სხვას სჭირდება დახმარება. და, რაც მთავარია: ჩემი საქმიანობისთვის, ოჯახისთვის, შეყვარებულისთვის თუ მოკედლებული ცხოველისთვის თავის მიძღვნის უნარი: როდესაც შემიძლია, მთელი ყურადღება ვაჩუქო იმას, რასაც ამჟამად ვაკეთებ; იმას, ვისთანაც ამჟამად ვურთიერთობ.

 

ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე