„მხარდამჭერი გარემოს როლი ბავშვის განვითარებისთვის“ – ნეიროფსიქოლოგი თინათინ ჭინჭარაული

საკმაოდ ბევრი თეორია გვეუბნება, რომ სოციალური გარემო თუ მხარდამჭერია, ჩვენ შედეგად ვიღებთ ბავშვს, რომელსაც შეუძლია, პრობლემის დანახვის შემთხვევაში, უკან კი არ დაიხიოს, არამედ მინიმუმ გააგრძელოს ბრძოლა, ითხოვოს შესაბამისი რჩევა, დახმარება და, უკეთეს შემთხვევაში, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს კიდეც დაბრკოლებას.

სოციალური გარემოს მხარდაჭერის მიზანია, ბავშვს დავეხმაროთ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრაში, მივცეთ მას დამოუკიდებლად სუნთქვის საშუალება. ეს ნიშნავს, ბავშვს ვეხმარებოდეთ და არა – მის მაგივრად ვაკეთებდეთ რაღაცეებს.

ეგრეთწოდებული „სამი წლის ასაკის კრიზისი“ სხვა არაფერია თუ არა აღმოჩენა იმისა, რომ მას თავადაც შეუძლია რაღაცეების გაკეთება. სწორედ ამ დროს გარემოს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომ ეს „მე თვითონ“ არ ჩაკლას ბავშვში. მისცეს საშუალება ექსპერიმენტების; მისცეს საშუალება, რომ თავად მოსინჯოს რაღაცეები.

 

 „როდესაც ბავშვი ამბობს: „მე თვითონ შევჭამ“, უმჯობესია სცადოს. მივცეთ შესაძლებლობა, დაუშვას შეცდომა, დაესვაროს რაღაც და გამოვყოთ ამ შეცდომის გამოსასწორებლად „ზედმეტი“ 15 წუთი.“

 

როდესაც ვსაუბრობთ განვითარებაზე, უმეტესად ვგულისხმობთ ინტელექტუალურ განვითარებას. ინტელექტუალური აქტივობები არ არის ერთადერთი და საკმარისი განვითარებისთვის, სინამდვილეში ყოფითი ყოველდღიური თვითმომსახურების უნართან დაკავშირებული ქმედებები არანაკლებ მნიშვნელოვანია.

ნეიროფსიქოლოგია გვეუბნება, რომ თავის ტვინი რთულად ორგანიზებული სტრუქტურაა. ადამიანი კი იბადება ყველა მზა სტრუქტურით, მაგრამ დაბადების შემდეგ მნიშვნელოვანია მათი ფუნქციური განვითარება, დახვეწა, დიფერენციაცია.

ხშირად, შედარებას ვაკეთებ კუნთთან; კუნთი ყველას გვაქვს, მაგრამ სპორტსმენებისა და სხვა ადამიანების კუნთებს შორის დიდი სხვაობაა; მათი დახვეწილი, მოქნილი და ძლიერია იმიტომ, რომ ისინი მიზანმიმართულად ავარჯიშებენ ამ ყველაფერს. შესაბამისად, თავის ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. ვარჯიში ხელს უნდა უწყობდეს თავის ტვინის ყველა სტრუქტურის ერთობლივ მოქმედებაში მოყვანას. ამისათვის კი გამოცდილება უნდა იყოს ხელმისაწვდომი; ასევე მნიშვნელოვანია ის , თუ რამდენად მრავალფეროვანი იქნება მიღებული გამოცდილება.

ხშირად გაჩენილა შეკითხვა, უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს ხოხვის შესაძლებლობა? უნდა მივცეთ, მიუხედავად იმისა, რომ, ჰიგიენური თვალსაზრისით, გარემო შესაძლებელია არ იყოს იდეალური. გადაადგილების თავისუფლება მხედველობით-სივრცითი აღქმის განვითარებას უწყობს ხელს. ეს კი საფუძველია იმის, რომ ბავშვმა განვითარების შემდგომი ნაბიჯი გადადგას. სამყაროს შემეცნება, მრავალფეროვანი გამოცდილება მას აძლევს კვლევის საშუალებას. თუ კვლევა არის დაბლოკილი, ფერხდება განვითარებაც.

ფსიქოლოგი: თინათინ ჭინჭარაული

 

სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉სალონური საუბრებიდან