„მშობლის როლი ბავშვის თვითშეფასებაში” – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

  რატომ უნდა მოვითხოვოთ ბავშვისგან, იყოს ყველაფერში წარმატებული?  არ უნდა გავაღმერთოთ წარმატებული თანაკლასელი ბავშვის წინაშე. ამით ორმაგ საფრთხეს ვქმნით: ამ შედარებით „წარუმატებელ“ ბავშვში ვთესავთ აგრესიას და შურს, „წარმატებულ’’ ბავშვს კი ვაქცევთ ბულინგის პოტენციურ მსხვერპლად. ხშირად თავად პედაგოგები ახდენენ ამ ძალადობის პროვოცირებას. 

 შევთანხმდეთ, რომ არც გადაჭარბებული კრიტიკაა ჯანსაღი მიდგომა და არც ზედმეტი ქება. ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელიც თვითშეფასებას ეხებოდა, ერთმა სკოლის დირექტორმა  ასეთი რამ გვიამბო:  სკოლაში, სადაც მუშაობდა, სწავლობდა მისივე გოგონაც. ვინმეს რომ არ ეთქვა, დირექტორის შვილია და ამიტომ უწერენ ნიშნებს, ან ამიტომ აქებენო, ეს ქალი განსაკუთრებულად კრიტიკული იყო  საკუთარი შვილის მიმართ. ყველაფერს უწუნებდა, ყველაფერზე ნეგატიური რეაქცია ჰქონდა.  საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ამ ბავშვში ჩაკვდა ყველა ინიციატივა, აღარც სწავლა უნდოდა, აღარც რაიმე სხვა. დედამ გადაწყვიტა, შეეცვალა მიდგომა და ახლა შვილის ქება დაიწყო. რა მიიღო პასუხად?-  გოგონას სიცილადაც არ ეყო მისი შექება. აღარ დაუჯერა. დედამ გადაჭარბებული და არაჯანსაღი კრიტიკული მიდგომით შვილის ნდობა დაკარგა.

 ცვლილებები იწყება გაცნობიერებიდან.  არ არსებობს ადამიანი სტატიკურ მდგომარეობაში, ის სულ ქმედებაში უნდა იყოს, შესაბამისად, ან პროგრესს განიცდიდეს, ან – რეგრესს. აუცილებლად უნდა გააკეთოს სვლა მარტივიდან – რთულისკენ პრინციპით. ეს არის ენერგიის მუდმივობის კანონი.  რაღაცას რომ გავცემ, სამაგიერო უნდა მივიღო. ადამიანს სჭირდება ეს შეფასება, აღიარება.  

 რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს ინფორმაცია მიდგომებთან, ურთიერთობებთან დაკავშირებით?- თუკი აღზრდის მხოლოდ ერთი სტილი ვიცი და მგონია, რომ ისაა ყველაზე კარგი, აღარ განვიხილავ სხვა ალტერნატივებს, უკვე დიდ შეცდომას ვუშვებ. 

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე