„კულტურული განზომილებები“ – ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე

ღირებულება ბევრია, მაგრამ მათი დაჯგუფება შესაძლებელია. ასეთ დაჯგუფებებს კულტურულ განზომილებებს უწოდებენ. სულ სამიდან ექვსამდეა, სხვადასხვა სისტემის მიხედვით. ერთ-ერთი განზომილება არის ინდივიდუალიზმი – კოლექტივიზმი. ინდივიდუალიზმი, ძირითადად, პროტესტანტული ტრადიციის ქვეყნებში ჭარბობს, სადაც საზოგადოების ერთეული არის ინდივიდი, პიროვნება და სადაც აქცენტი გამახვილებულია ადამიანის უფლებებზე – მიიჩნევა, რომ ადამიანი თავისთავად არის ღირებული და აქვს, უფლის ან ბუნების მიერ ბოძებული უფლებები, რომელთა დაცვა აუცილებელია. ასეთია ამერიკა, ბრიტანეთი, ავსტრალია, ჰოლანდია, სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ.

კულტურათა მეორე დიდი ჯგუფი, რომელიც რაოდენობრივად ჭარბობს ინდივიდუალისტურებს, არის კოლექტივისტური კულტურები. აქ უფრო მნიშვნელოვანია არა ცალკეული ინდივიდი, არამედ ინდივიდთა ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს სამეზობლო, გაფართოებული ოჯახი თუ გვარი ზოგადად, ხალხი და სხვ. 

კოლექტივისტური კულტურები იყოფა ორ ნაწილად: დიდ ჯგუფებზე ორიენტირებულები, მაგალითად, რუსეთი ან ჩინეთი, და მცირე ჯგუფებზე ორენტირებულები, რომელთაც ჩვენც ვეკუთვნით. მაგალითად, რუსეთში ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა თანასწორობა. იქ ტრანსპორტში შეიძლება უცხო ადამიანმა მიგითითოს, რომ შენს შვილს ზედმეტად თბილად აცვია, ან „ბილეთს რატომ არ იღებ“? ეს იმიტომ, რომ რუსეთში მეორე ადამიანი აღქმულია, როგორც თანასწორი წევრი დიდი, საკმაოდ გაურკვეველი ერთობისა, რომელსაც ჰქვია народ – ხალხი. მსგავსი შენიშვნები  საქართველოში მიუღებელია: – შენს შვილს მიხედე, არ არის შენი საქმე! – შესაძლოა, ასე გიპასუხონ. 

საქართველოში, ტრადიციულად, ვართ მცირე ჯგუფის წევრები. მაგალითად, მცირე ჯგუფი, რომელსაც მე ვეკუთვნი, არის ის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მოვა ჩემს პანაშვიდზე. ხოლო ყველაზე ახლობლები –  ვინც ქელეხზე დარჩება. ქელეხი იმიტომ ვახსენე, რომ ქართული კულტურის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ბაზური რიტუალია, რომელიც, გარდა გარდაცვლილისათვის პატივის მიგებისა, ჯგუფის შეკავშირებას ემსახურება.

მცირე ჯგუფი შედგება 4 ძირითადი ქვეჯგუფისგან: სამეგობრო, სანათესაო, თანამშრომლები და მეზობლები. არსებობს წესები და ნორმები, როგორ უნდა მოიქცე ამა თუ იმ ჯგუფში. თუ კარგად მოიქეცი, იქნები დაფასებული, თუ არა და – არა. მაგალითად, მე ცუდი მეზობელი ვარ, იმიტომ რომ არ მიყვარს ეზოში დომინოს თამაში და მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვა. ამიტომ არ მპატიჟებენ საზეიმო ღონისძიებებზე, როგორც არის ქორწილი და მსგავსი თავყრილობები. 

ამ 400-500 კაცს, რომელთაც ქართველი თავისიანებად აღიქვამს, დავარქვათ ცოტა ხელოვნურად ნაწარმოები ლათინური სიტყვა „ნოსტრია“ – ჩვენებურები. ნოსტრია გახლავთ თვითკმარი ერთეული. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ნოსტრიას ჰყავს თავისი, ე.წ. „დიდი კაცი“, თავისი ექიმი, თავისი იურისტი და ასე შემდეგ. თუ ნოსტრიის წევრს კბილი ასტკივდათ, „ევროდენტში“ და მსგავსში კი არ მიდის (თუ დაზღვეული არ არის, ეს უკვე ახალი რეალიაა), არამედ ურეკავს დეიდა რუსიკოს, ეს უკანასკნელი – ძია მერაბს, რომელიც გიღებთ ურიგოდ, ფულს არ გართმევთ, რადგან „ჩვენი გულიკოს შვილი“ ხართ და ა.შ.

ჩემი ნოსტრიის წევრები ამ სივრცეში უცხო ადამიანებთან შედარებით იმთავითვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან. ამიტომ ნოსტრიის ნორმები ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტს ნიშნავს და უფრო ქმედითია, ვიდრე სახელმწიფო კონსტიტუცია თუ რელიგიური მცნებები. მაგალითად, ერთ ჩემს მეგობარს, რომელსაც  გარკვეული თანამდებობა ეკავა, შორეული პროვინციიდან დელეგაცია ეწვიასათხოვარით: „შენი გარე ბიძაშვილი შეუვარდა ვიღაცას სახლში, მიაბა სკამზე და აწამა უთოთი, ფული მაიტაო… დაიჭირეს, ჩასვეს ციხეში. და ახლა როგორმე უნდა დაგვეხმაროო…“ – ჩემმა მეგობარმა უთხრა, სადაც ზის, იქ უნდა იჯდესო. ამას, ცხადია,  მოჰყვა სრულიად ნოსტრიული სკანდალი. ნოსტრიის წესი ასეთია: რადგან შენიანია, რაც არ უნდა იყოს, უნდა დაეხმარო.

 

გაგა ნიჟარაძის საავტორო კურსი “კულტურის ფსიქოლოგია” Onlineacademia.ge-ზე

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის