„ხელი გამიშვი, დედა!“ – გურამ მეგრელიშვილი

„ოთარაანთ ქვრივი“ რომ ერთ-ერთი მთავარი ქართული ნაწარმოებია, ლამის ორმოცს მიტანებული მივხვდი, როცა მასწავლებლად მუშაობის 12 წლის თავზე დავფიქრდი, მწერალს ამ ტექსტით რისი თქმა სურდა?

„მთავარი ქართული“ ორ საშიშ სიტყვას მოიცავს – „მთავარსა“ და „ქართულს“. პირველი ძალიან პრეტენზიულია, მეორე კი თითქოს აკნინებს ავტორს, რადგან ის, რაც ვიწრო გაგებით ქართულია, შემოფარგლულიცაა და თითქოს გულისხმობს, რომ რომელიმე ჩინელი ან იაპონელი მკითხველისთვის გაუგებარი უნდა დარჩეს.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, „მთავარი“ ნამდვილად პრეტენზიულად ნათქვამია, „ქართული“ კი – არა სივრცითი, არამედ მიმართულებითი მანიშნებელია და ამაზე უფრო ვრცლად, ოდნავ ქვევით დავწერ.

ხუთი წლის რომ ვიყავი, მამაჩემმა ველოსიპედი „არნიოლოკი“ მიყიდა. მაშინ ეს ველოსიპედი უზარმაზარი და რთულად სამართავი მეგონა და უთენია მხოლოდ იმიტომ ვდგებოდი, რომ შემეხედა და წარმომედგინა, როგორ მივქროდი უბანში. ერთი ეგ იყო, მარტო დაჯდომის ძალიან მეშინოდა და მთელი ჩემი ველოქროლვა მხოლოდ ოცნებებით შემოიფარგლებოდა.

მაშინდელი თბილისური უბნები ასეთი საშიში არ იყო – ცოტა მანქანა დადიოდა, ბავშვები ჯერ კიდევ სარგებლობდნენ ქუჩით, ეს ახლაა, რომ ჩვენ, ზრდასრულებმა, სრულად წავართვით მათ ქუჩაც, მოედნებიც, ჰაერიც. მაგრამ ეს სხვა ამბავია, სხვაგან მოსაყოლი.

აგვისტოს ერთ დილით მამამ სკოლის ეზოში წამიყვანა, მოედანზე. დაჯექი და გაატარეო, მითხრა. ეს სკოლა რამდენიმე თვეში ჩემი პირველი სასწავლებელი გახდა და არ ვიცი, სიმბოლურად წამიყვანა სწორედ იმ ეზოში, თუ უბრალოდ დამთხვევა იყო.

მახსოვს, ძალიან მეშინოდა ველოსიპედზე მარტო დაჯდომის, მაგრამ მამაჩემმა დამამშვიდა, თუ არ გაბედავ ერთხელ მაინც, ვერასდროს გაიგებ, შეგიძლია თუ არაო.

ეს შიშის დაძლევის პირველი, ეგზისტენციალური მომენტი ყველაზე ცხადად მახსოვს ჩემს ცხოვრებაში. გადავწყვიტე, მამისთვის დამეჯერებინა და ველოსიპედზე დავმჯდარიყავი.

მგონი, ასჯერ მაინც ვთხოვე, ხელი არ გაეშვა, სანამ კარგად არ გავატარებდი. ისიც დამეთანხმა, უკან გამოგყვები და წონასწორობას შეგანარჩუნებინებო, – დამპირდა. პირველი წრე ბორძიკით, მაგრამ მშვიდად გავიარეთ, მეორე წრე – უკეთესად და სადღაც შუაში მისულმა მამაჩემი დავინახე ნახევარწრის იქით. შეგრძნებამ, ამდენი ხანი მარტო რომ დავდიოდი, შემაშინა და წავიქეცი. არ დანებდე, შეძლებო, – დამიძახა. მუხლები სულ გადატყავებული და სისხლიანი მქონდა და მეწვოდა. გაბრაზებით, ცრემლითა და ჟინით წამოვდექი და ჩემი საოცნებო ველოსიპედი დამოუკიდებლად იმ წუთასვე გავატარე კიდეც.

დიდ წიგნებს, როგორც დასაწყისში დავწერე, „მთავარ წიგნებს“, ორი დატვირთვა აქვს – ის იწერება კონკრეტული ერების აღსაზრდელად და იწერება მსოფლიოსთვისაც. როცა „მთავარ ქართულ“ წიგნებს ვასახელებ, სხვა ტექსტებზე უკეთესს კი არ ვგულისხმობ (და ზუსტად ვიცი, რომ ასეა), არამედ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც კონკრეტულ დროსა და სივრცეში ყველაზე მეტად დაგვჭირდა და გვჭირდება იმისთვის, რომ გავიაზროთ,  გავიზარდოთ და ფეხზე წამოვდგეთ, რადგან არც გააზრებაა პანაცეა, არც გაზრდა, თუ ამას კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება ხოლმე.

„ოთარაანთ ქვრივის“ მორალი, ასე გვასწავლეს, სოციალურ ხიდჩატეხილობაზეა. ზოგი მასწავლებელი ტექსტს „სასიყვარულო რომანადაც“ მოიხსენიებს ხოლმე. ალბათ, არიან ისინიც, ვინც ჩემნაირად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ ეს შესანიშნავი ნაწარმოები დედაზეა, არა დედაშვილობაზე, არამედ სწორედ დედაზე და ილია, რაკი მას საქართველოს მშობლობა ერგო წილად, ქართველებისთვის უმთავრეს სენზე პირდაპირ მიგვითითებს.

როდესაც ბავშვი მომწიფების ასაკში შედის, მშობლებთან მისი ურთიერთობები იცვლება. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა ხდებოდეს იქ, სადაც ჯანსაღი პროცესი ვითარდება და პიროვნების დამოუკიდებლობა პირველ კონტურებს იძენს.

დედ-მამასა და შვილებს შორის მიჯნის გავლება რთული და მტკივნეული მომენტია, რადგან ორივე მხარეს მოსწონს ძველ, შეჩვეულ როლში დარჩენა და კომფორტის ზონა, სადაც თავს ბევრად უფრო დაცულად და კმაყოფილი გრძნობს.

ამ ვითარებაში განსაკუთრებით რთული მოცემულობა ბავშვის მხარესაა, რადგან მისი მდგომარეობა ეგოისტური კი არა, ბუნებრივია – არ იცის, რა ელოდება წრის გარეთ, სადაც მცველი და მზრუნველი არ ჰყავს. მშობლის მხარე კი უფრო მეტად ეგოისტურად იქცევა და ამას, როგორც წესი, გაუცნობიერებლად აკეთებს. რა ელის ჩემს შვილს ახალ, უცხო, მტრულ გარემოში, სადაც მე არ ვეყოლები? შეძლებს ის თავის დამკვიდრებას იქ, სადაც ამდენი სირთულეა? „ჩემს დროს სხვა იყო, ახლა კაცობრიობა შეიცვალა და გაფუჭდა და ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება!“ – აი, მთავარი შიში, რაც მშობლებს გვაქვს ხოლმე, როცა საქმე ჩვენს შვილებს – ქოთანში საგულდაგულოდ გაზრდილ უმანკო ყვავილებს ეხებათ, როცა „ახალ მიწაში“ მათი გადარგვის დრო ახლოვდება.

ეს გადარგვის მომენტი ძნელი საპოვნია, რადგან შვილები მშობლებზე და პირიქით ძლიერემოციურად არიან დამოკიდებულნი, ამიტომ ორივე მხარისთვის ძალიან რთულია ამ ძაფების მოშვება და შემდეგ ხელის სრულად გაშვებაც, რაც აუცილებელი და გარდაუვალი მომენტია ჩვენს ცხოვრებაში. მშობელსა და შვილს შორის ემოციური კავშირის შენარჩუნება, მაგრამ ფიზიკურ, მენტალურ და გრძნობით დონეზე დაშორება ორივე მხარისთვის აუცილებელია. ბავშვი დამოუკიდებლობას, ინდივიდუალიზმს, თავისუფლებას სწავლობს, მშობელი კი თოკავს საკუთარ ეგოიზმს, გაურკვეველი მომავლის შიშს და შვილს იმ სამყაროში შებიჯებაში ეხმარება, რომელშიც ოდესღაც თავადაც გადადგა ნაბიჯი.

როდესაც მშობელი შიშობს, მიზეზობს და ერიდება ბავშვის დამოუკიდებლად დატოვებას (პირველ რიგში, ეს სხვისი სივრცის აღიარებით იწყება), ეს ამბავი რაღაცით ემსგავსება მდგომარეობას, როდესაც დედა უარს იტყოდა შვილის დაბადებაზე იმ მიზეზით, რომ მის წიაღში ბავშვი სრულად დაცულია, გარეთ კი, კაცმა არ იცის, რა ელის და ვინ იზრუნებს მასზე.

მაგრამ როგორც დაბადებაა გარდაუვალი, ისე პიროვნების დამოუკიდებლად გახდომის მომენტია აუცილებელი, სხვაგვარად მშობელიც მოკვდება ემოციურად და შვილიც.

ფსიქოლოგების ნაწილი, დედა-შვილს შორის ემოციურ ბმაზე ლაპარაკისას, რამდენიმე მომენტზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, შესაძლოა, გასათვალისწინებელი იყოს ამ საკითხზე ფიქრისა და მსჯელობისას.

თუ მშობლების არსებობა დედამიწაზე ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას მშობლების „აჩრდილს“ ითვალისწინებს ადამიანი, მისი პირადი სივრცე და ტერიტორია ჯერ სრულად დამოუკიდებელი არაა.

როდესაც ჩვენ მშობლის ემოციურ მდგომარეობაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას, ესეც გულისხმობს იმას, რომ კავშირები დედ-მამასთან ისევ მჭიდროა. „დედაჩემი მოკვდება ნერვიულობით, ეს რომ გაიგოს!“, „მამას ინფარქტი დაემართება, ის რომ ამ მდგომარეობაში ნახოს!“… და სხვა, სიმპტომური ნიშანია ემოციური დამოკიდებულების შეფასებისას და ამ ნაწილში, უნდა ითქვას, მშობლებიც ვცოდავთ ხოლმე, როცა შვილებს ემოციურად (ცნობიერად ან არაცნობიერად) გამოვიბამთ: „თუ არ იმეცადინებ, დედიკო ცუდად გახდება!“, „რომ არ ჭამე საჭმელი, ბებომ ამიტომ იტირა!“, „მამიკო ძალიან ნერვიულობს, როცა არ ურეკავ!“ და ასე შემდეგ.

მსგავსი დამოკიდებულებები მშობლებთან, ზრდასრულობის ასაკშიც (შესაძლოა, ფიზიკურად აღარც გვყავდნენ დედა და მამა), თავს იჩენს პარტნიორებთან, თანამშრომლებთან, ახლობლებთან ურთიერთობისას, როცა პიროვნული სივრცის საზღვრების ცხადად დადგენა ძალიან ჭირს და ძნელდება.

სწორედ ეს მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტის საკუთარ თავზე აღება გვიშლის ხოლმე ხელს განვითარებაში, ამიტომ ვიტყუებით ხშირად, რომ არ გვინდა „დედიკოს იმედი გაუცრუვდეს“, „მამიკოს გული ეტკინოს“ და „ბებო დარდით მოკვდეს“. ამ ტყუილებს კი ბავშვები სკოლის ასაკიდან იწყებენ და რაც უფრო მატყუარაა მოზარდი, მით მეტად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მშობლები მისგან ძალიან ბევრს ითხოვდნენ.

მშობლებზე ემოციურ დამოკიდებულებაზე ასევე მეტყველებს მათზე ფინანსურად დამოკიდებულებაც. რაც უფრო დიდი ხანია შვილი მშობლის „ფრთებქვეშ“ ფინანსურად, მით მეტად ცდილობს დედა ან მამა აკონტროლოს შვილის ცხოვრება ისე, როგორც მას წარმოუდგენია. ცუდი არაფერია იმაში, თუ  მშობელი უმუშევრობის დროს შვილს დაეხმარება, მაგრამ გადამეტებული ზრუნვა კონტროლის ხელში აღების ცნობიერი ან არაცნობიერი მცდელობაა. „რას ჭამთ, შვილო? გათბობა ჩართული გაქვთ? ფრთხილად, არ გაცივდე მოგზაურობისას!“ – ეს ფრაზები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიძლება გავიგოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენზე ვთქვათ და ქართულ რეალობაში ძალიან ხშირია ხოლმე.

წარმოუდგენელია, მაგრამ ძალიან ხშირად, ჩვენთან დედები და მამები „ბავშვებზე ზრუნავენ“ მაშინაც კი, როცა ამ „ბავშვს“ შვილიშვილი ჰყავს. ამ ფაქტს, სამწუხაროდ, კულტურული თავისებურებით ვხსნით და მეტიც, მიგვაჩნია, რომ ეს ცუდი კი არა, ძალიან კარგია. „მაგარი დედაა, მაგარი მამაა!“ – გაგვიგია ადამიანზე, ვინც შვილის ცხოვრებაც „იტვირთა“ და ამით დამოუკიდებლად განვითარების საშუალება მოუსპო. რამდენი ოჯახი გაგახსენდებათ, სადაც ცოლქმრობაც კი მშობლების დაგეგმილია და ეს რატომღაც ჯანსაღ მოვლენად განიხილება.

აბა, თუ მოვახერხებთ და ერთი შემთხვევა მაინც არ გაგვახსენდება ჩვენ ირგვლივ, სადაც 40-ს გადაცილებულ მამაკაცებს დედები, დეიდები, მამიდები, მამიკოები როგორც ბავშვს ისე მოიხსენიებენ, ისე ექცევიან და კაციც იფერებს ამ როლს და – რაც უფრო უარესია – ითხოვს კიდეც!

ამას, ტრადიციულ საზოგადოებაში, „მშობლის პატივისცემად“ და „მორჩილებად“ ვნათლავთ ხოლმე, სინამდვილეში კი, ამ ტერმინების უკან შეიძლება უკიდურესი ეგოიზმი ან ეგოცენტრიზმი იმალებოდეს. შვილის პირადი სივრცის დარღვევა, მისი SMS-ების კითხვა, ოთახის გადამოწმება, დღიურების კონტროლი იწვევს იმ ანომალიურ მომენტს, როდესაც უკვე ზრდასრული ადამიანი ეგუება მეუღლის მხრიდან მისი პირადი სივრცის მსგავსად დარღვევასაც და ყველაფერ ამას „ბუნებრივ“ ზრუნვად აღიქვამს.

რამდენჯერ მსმენია ზრდასრული, ერთი შეხედვით „შემდგარი“ ადამიანებისგან, რომ სოციალურ სივრცეში მათი აქტიურობა განისაზღვრება და გულისხმობს მშობლის ფაქტორის გათვალისწინებასაც.

„მშობლის“ ფაქტორი მხოლოდ ფიზიკური მშობლის არსებობა კი არა, იმ სოციალური აქტორის არსებობაცაა, ვისაც ჩვენზე „მზრუნველობას“ ვანდობთ ხოლმე. სწორედ ამიტომაა, ხელმძღვანელი პირი თავს უფლებას რომ აძლევს, აკონტროლოს რას ამბობ საჯაროდ, როგორ გაცვია, სად უნდა იცხოვრო, სად არ უნდა იმოგზაურო და ასე შემდეგ – სოციუმი თავად ხდება ხოლმე „მშობელი“ მათთვის, ვინც მსგავსი „ზრუნვისგან“ თავის დაღწევას ასე ცდილობს.

„ოთარაანთ ქვრივს“ რომ დავუბრუნდეთ, ილიამ იგუმანა ან დაკვირვებით მიხვდა, რომ „საკუთარი თვალის დაბრმავება და შვილისად მაყურებლადღა სიარული“ ის ფორმულა უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველა ქართველ (ალბათ, განსაკუთრებით დედებს, რადგან ამ ქვეყანაში შვილებს, სამწუხაროდ, დედები უფრო ხშირად ზრდიან) მშობელს უნდა გაეთვალისწინებინა.

იქნებ ილია ჭავჭავაძემ, ამ მრავალმხრივ განათლებულმა და მოღვაწე კაცმა, სწორად განჭვრიტა ის, რაზეც თანამედროვე დასავლელი ფსიქოლოგები ახლა უკვე აქტიურად წერენ და რჩევებს იძლევიან. იქნებ ჩვენი ქვეყნის ახლებურად შემქმნელმა მწერალმა ზუსტი დიაგნოზი დასვა, განსაკუთრებით სად უჭირდა ქართველს, რომ ზედმეტი მზრუნველობა შვილის დაცვა კი არა, დაღუპვაა. გვითხრა, მიგვანიშნა, დაგვიღეჭა და დაგვტუქსა, როცა ყველაზე უფრო მძიმე ვითარებაში მყოფ დედას, ქვრივ დედას ეს სიტყვები ათქმევინა, რომელიც ასე გულზე ხვდებათ ქართველ დედებს.

ვინმე იტყვის, გაუშვა და რა მოიმკა, შვილი გარდაეცვალაო. იქნებ უდროო დროს გაუშვა ხელი? იქნებ ერთის ტრაგედია ათასისთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო? რომ არ გაეშვა, სხვანაირად მოხდებოდა მოსახდენი? გახსოვთ, როგორ ზრდის გიორგის? როგორ უჭირს ზრდასრულ ბიჭს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება? როგორი შემზარავია, როცა დედა ამას აღმოაჩენს და შეეშინდება. შეეშინდება ფაქტისაც და არაცნობიერი მოლოდინისაც – „იქნებ დავაგვიანე გაშვება?“

წარმოვიდგინოთ, რომ მზრუნველმა ჩიტმა ბარტყების ბუდიდან გაშვება შიშის ან არასწორი სიყვარულის გამო დააგვიანოს. უკვე ზრდასრულ ჩიტებს საზრდო უზიდოს და ასე დაიცვას ისინი სამყაროსგან? ბუნებრივია?!

ერთია – რას ვამბობთ და მეორე – რას ვმოქმედებთ. ალბათ, ყველამ თავად უნდა განსაზღვროს, სად არღვევს შვილის სივრცეს, სად გაურბის ხელიდან ობიექტურობა. სად გადის ოქროს შუალედი უპასუხისმგებლობასა და დამღუპველ მზუნველობას შორის?!

გადატყავებული მუხლები, ცხადია, შემიხორცდა, მაგრამ ამბავი ამბად არ მავიწყდება. ვცდილობ, რომ შვილი, რომელსაც ველოსიპედით სასიარულო სივრცე ეზოში აღარ აქვს და ბევრად უფრო ქაოტურ ქალაქში ცხოვრობს, ვიდრე მე 33 წლის წინ, ცხოვრებაში სწორად შევიყვანო.

ახლა, როდესაც ის ზის ველოსიპედზე, მე მიჭირავს მისი ზურგი, რომ არ გაიქცეს და არ წაიქცეს.

ალბათ, მშობლის სიყვარულსაც აქვს თავისი წესები და ამ წესებში ერთ-ერთი მთავარი ხელის დროულად გაშვებაა.

აზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლის პედაგოგი, მწერალი – გურამ მეგრელიშვილი.

ნახატი ბლოგისთვის შექმნა დარია ცინცაძემ.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის