„კანაფის გამოყენება და ფსიქიკური ჯანმრთელობა“ – ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე

კანაფი გავრცელებული მომადუნებელი საშუალებაა, რომელიც შეიცავს ისეთ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, როგორიცაა ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

ხშირად, კანაფის გამოყენებას მხოლოდ დადებით განცდებს და შეგრძნებებს უკავშირებენ.

კანაფის გამოყენება სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ის, თუ როგორ იმოქმედებს კანაფი ადამიანზე, დამოკიდებულია ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობაზე, ადამიანის ფსიქიკურ თავისებურებებსა და მდგომარეობაზე და სხვა ფაქტორებზე.

კანაფი, რომელიც ტეტრაჰიდროკანაბინოლს დიდი რაოდენობით შეიცავს, ზოგიერთ ადამიანში აღძრავს პანიკის შეტევის მსგავს მდგომარეობას. ადამიანებს ეუფლებათ განგაში, შფოთვა ან სხვა, უსიამოვნო განცდები. ასევე, ზოგიერთი მათგანი განიცდის ირგვლივმყოფებისადმი უნდობლობას, ეუფლება იმის განცდა, რომ ადამიანები მისადმი მტრულად არიან განწყობილნი.

ტეტრაჰიდროკანაბინოლით ზედოზირებას ახასიათებს როგორც ფსიქიკური, ასევე – სხეულებრივი მდგომარეობები: დროისა და სივრცის სახეცვლილად აღქმა, თავბრუდასხმა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ოფლიანობა, სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა.

კანაფის ხანგრძლივად გამოყენება უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ხშირად იყენებს კანაფს, შესაძლოა, ის მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიმართ გულგრილი გახდეს და, დროთა მანძილზე, მისთვის გაუსაფურდეს მიღწევის მოთხოვნილების მნიშვნელობა.

კანაფის ხანგრძლივი გამოყენება უარყოფითად მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციისა და სწავლის უნარზე.

ხშირად, კანაფით მოსარგებლე ადამიანები თვლიან, რომ კანაფი არ იწვევს მასზე დამოკიდებულებას. ასევე, მათგან ნაწილი ფიქრობს, რომ კანაფის გამოყენების შეწყვეტა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული და კანაფის გამოყენებას მაშინ შეწყვეტენ, როდესაც ამისი სურვილი ექნებათ.

თუმცა, კანაფის ხანგრძლივი გამოყენება თავის ტვინში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომელთა გავლენის მართვა ადამიანს დამოუკიდებლად უჭირს.

კანაფი, სხვა, დამოკიდებულების გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მსგავსად, იწვევს მასზე დამოკიდებულებას.

კანაფზე დამოკიდებულების ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მის გამოყენებას იწყებს მოზარდობის ასაკში ან ზრდასრული ადამიანი მას ყოველდღიურად იყენებს.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანაფის გამოყენებას?

კანაფი და ფსიქიკური ჯანმრთელობა

კანაფის ხშირად გამოყენება ადამიანებში ზრდის კანაფის გამოყენებისგან გამომდინარე ფსიქოზური აშლილობის და შიზოფრენიისადმი გენეტიკური წინასწარგანწყობის გამოვლენის ალბათობას.

ადამიანებში ფსიქოზის სიმპტომების გამოვლენის ალბათობა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ:

  • ადამიანმა კანაფის გამოყენება დაიწყო მოზარდობის ასაკში.
  • თუ ადამიანი ხშირად იყენებს მას.
  • თუ ადამიანი ხანგრძლივად იყენებს კანაფს.
  • იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იყენებს კანაფს და მას აქვს მემკვიდრეობით მიღებული წინასწარგანწყობები ისეთი ფსიქიკური აშლილობის მიმართ, როგორიცაა შიზოფრენია და ა. შ.

კანაფის გამოყენება ზრდის ისეთი მდგომარეობების განმეორებით გამოვლენის შესაძლებლობას, როგორიცაა შფოთვითი აშლილობები, ფსიქოზის სპექტრის აშლილობები და ა. შ.

რა შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი დამოკიდებულია კანაფის გამოყენებაზე?

იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოცულია კანაფის გამოყენებაზე ფიქრით, მისი ურთიერთობები სრულდება, ყოველდღიური საქმიანობების შესრულების უნარი და შესრულებული აქტივობის ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება და სიამოვნების განცდის თითქმის ერთადერთ წყაროდ კანაფის გამოყენება მოიაზრება, ეს ნიშნავს იმას, რომ ყალიბდება ან ჩამოყალიბდა კანაფის გამოყენებაზე დამოკიდებულება.[2][3][4][5][6]

ფსიქოლოგი ანა ღვინიანიძე

რეცენზირებულია საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოების მიერ.

[1] რეცენზენტი: ქეთევან მჭედლიშვილი, საქართველოს ფსიქოდელიური საზოგადოება

[2] “Cannabis: the facts,” National Health Service (NHS), October 31, 2017, https://www.nhs.uk/live-well/healthy-body/cannabis-the-facts/

[3] “Health Risks of Cannabis Use,” REGULATION OF CANNABIS IN QUÉBEC, May 9, 2019, https://encadrementcannabis.gouv.qc.ca/en/le-cannabis/consequences-negatives-possibles-sur-la-sante-de-la-consommation-reguliere-de-cannabis/

[4] “What is marijuana?,” National Institute on Drug Abuse, September 2019, https://www.drugabuse.gov/publications/drugfacts/marijuana

[5] Emily Sohn, “Weighing the dangers of cannabis,” Nature, August 28, 2019, https://www.nature.com/articles/d41586-019-02530-7

[6] “Cannabis,” drugs and me, October 11, 2019, https://drugsand.me/en/drugs/cannabis/

 

 

ზროვნების აკადემიის საკვირაო სკოლა 5-17 წლის მოზარდებისთვის:

რუსთავი
თბილისი
ბათუმი
ზუგდიდი
ქუთაისი