„იტირებს და გაუვლის“ – როგორ ადაპტირდეს ბავშვი ბაღში – ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

“იტირებს და გაუვლის“ – როგორ ადაპტირდეს ბავშვი ბაღში“
ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

გავრცელებული დამოკიდებულება, რომ ნორმალურია, თუ ბავშვი საბავშვო ბაღში ტირის და მერე „გაუვლის“ ზოგჯერ გახანგრძლივდება ხოლმე დროში. „მაინც რამდენი ხანი უნდა იტიროს?“ – კითხულობენ მშობლები, რომლებსაც გაუსაძლისად ექცათ დილის რიტუალი ბავშვის ცრემლებით – „არ მინდა ბაღში!“

ტირილი ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელსაც ბავშვები მიმართავენ სასურველის მისაღებად და არა მხოლოდ ბაღში. მნიშვნელოვანია ტირილის ხანგრძლივობა და სახე. თუ ბავშვი გულამოსკვნით ტირის 20 წუთის მანძილზე, საფრთხე ექმნება ბავშვის ჯანმრთელობას, ვინაიდან სტრესულ სიტუაციაში, გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომელმაც ხანგრძლივი გამოყოფის შედეგად შესაძლოა დააზიანოს ბავშვის ნერვული სისტემა.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვმა საერთოდ არ უნდა იტიროს, მნიშვნელოვანია ტირილის ჩანაცვლება, ყურადღების გადატანა, ბავშვის დამშვიდება, განსაკუთრებით, როდესაც ეს დროში განგრძობილია.

ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ახალ გარემოში ყველა ბავშვი განსხვავებულად ადაპტირდება. არიან ბავშვები, რომლებიც ტირიან საბავშვო ბაღში მისვლის დროს და ზოგჯერ საერთოდ ვერ ეგუებიან მას, არიან, რომლებიც შედარებით მარტივად გადალახავენ ახალ გამოწვევებს.

მაინც, რა ხდება ბაღში?

ბავშვისთვის უცხო გარემო, სადაც არ იცის, რა ელოდება, იგი არ ჰგავს იმ შთაბეჭდილებებს, რომელიც შეუქმნეს. მოლოდინი, რომ დედა მალე მოვა, არ გამართლდა, საწყის ეტაპზე ყველა ტირის, ხმაური, რეჟიმი და სხვა მრავალი…

“მნიშვნელოვანია, რომ რეალობასთან შესაბამისი იყოს ბაღის აღწერა, ვინაიდან, როდესაც მისი მოლოდინი რეალობას არ შეესაბამება ბავშვი უარს აცხადებს წასვლაზე.

სიმშვიდის განცდა ეუფლება ბავშვს მაშინ, როდესაც იცის ეტაპები, რას რა მოსდევს.”

როგორ მოიქცეს მშობელი?

ბავშვს ბაღთან შეგუება დიდწილად გაუადვილდება, თუ მას მშობელი ბაღში მისვლამდე გააცნობს ახალ სივრცეს, მიიყვანს და დაათვალიერებინებს ახალ გარემოს.  თუ უკვე აქვს ინფორმაცია, რომელ პედაგოგთან მოხვდა ბავშვი, გააცნოს პედაგოგიც.

მშობელმა არ უნდა მოატყუოს ბავშვი, მაგ. ,,ბაღში კი არა, მაღაზიაში მივდივართ კანფეტის საყიდლად.“ ამ დროს ნდობა, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშის უსაფრთხოების განცდისათვის იკარგება. უნდობლობის განცდა მუდმივ შფოთვას და სტრესს იწვევს ბავშვში.  მაშინაც კი, როდესაც სიმართლეს ეუბნება მშობელი: ,,მოვალ და წაგიყვან დღის ბოლოს“. არ სჯერა, ან აქვს შიში, რომ არ დაგვავიწყდეს. ძალზე ნეგატიურად აისახება ბაღთან დამოკიდებულებაში, თუ მშობელი ქცევის აღსაკვეთად ემუქრება ბაღით მაგ. ,,კარგად თუ არ მოიქცევი, ახლავე ბაღში წაგიყვან!“

ხშირად, მშობელი ცდილობს პოზიტიური ფორმით შესთავაზოს ახალი გარემო. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ რეალობასთან შესაბამისი იყოს ბაღის აღწერა, ვინაიდან, როდესაც მისი მოლოდინი რეალობას არ შეესაბამება ბავშვი უარს აცხადებს წასვლაზე.

სიმშვიდის განცდა ეუფლება ბავშვს მაშინ, როდესაც იცის ეტაპები, რას რა მოსდევს. დროის აღქმა მას ჯერ არ აქვს (მაგ. მოვალ 5 სთ – ზე და წაგიყვან). ხშირად, სურათ –  ხატოვანი ამბები, სადაც მოცემულია ფრაგმენტულად დღის მსვლელობა სიმშვიდის განცდას უქმნის. ჯერ ბაღში წასვლა, კვება, თამაში, ძილი, კვება, ეზოში თამაში, მშობლის  მოსვლა,  სახლში წასვლა… თუ ეს მოცემულობა ბაღში ჯგუფის კედელზეა, აღქმად სივრცეში, დადებითად აისახება მასზე.

ადაპტირების პროცესს დიდად უწყობს ხელს მშობლის ჩართულობა ჯგუფში, როდესაც დამოუკიდებლად ბავშვს უჭირს ახალ გარემოში უცხო ბავშვებთან კომუნიკაცია, მშობლის მიერ თამაშში ჩართვა და სხვა ბავშვების გამოწვევა თამაშში, მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს,  ეს უბიძგებს ბავშვს მოახდინოს მშობლის ქცევის მოდელირება.

სასურველია, თავდაპირველად, ბავშვი ბაღში მცირე დროით დავტოვოთ და ნელ – ნელა გავზარდოთ ბაღში ყოფნის დრო. მნიშვნელოვან როლს თამაშობს საყვარელი სათამაშოც, ვთხოვოთ ბავშვს მის საყვარელ სათამაშოს გააცნოს ბაღი.

ბავშვს ბაღთან შეგუებაში დაეხმარება ზღაპარიც, რომელშიც სწორედ ის დილემა იქნება წარმოჩენილი რაც ბავშვის წინაშე დგას. მშობელი მხარდამჭერ როლებზე გააკეთებს აქცენტს ზღაპარში და ამბავი დასრულდება რთული სიტუაციების გადალახვით, სადაც მთავარი ,,გმირი“ არის ბედნიერი.

არსებობს შეხედულება, რომ თუ ბავშვი არ ივლის ბაღში, ეს ხელს შეუშლის მის ადაპტაციას სკოლასთან. სინამდვილეში ასე არაა. საბაზისოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მშობლებისგან მიიღოს სიყვარული, უსაფრთხოების განცდა, თავისუფლად შეძლოს გამოხატოს ინტერესი, ცნობისმოყვარეობა. თუ მშობელი ამას უზრუნველყოფს, არ არის აუცილებელი ბავშვის ბაღში შეყვანა. ასევე, ბაღის ნაცვლად, ბავშვი შეიძლება ვატაროთ მისთვის საინტერესო, შემოქმედებით და განმავითარებელ წრეებზე, სადაც იგი შეძლებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობას და ახალ გარემოში ადაპტირებას.

აზროვნების აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი ნინო ბუაძე