„ემოციები და მათი გავლენა ადამიანზე“ – ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

ემოცია არის ერთ – ერთი ფსიქიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ადამიანში. ის შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი, ასევე – არაცნობიერი. ემოცია არის თქვენი დამოკიდებულება გარესამყაროს მიმართ: საკუთარი თავის მიმართ, გარესამყაროს მიმართ, ზოგადად ან გარესამყაროში არსებული საგნების და ადამიანების მიმართ. ემოცია განსხვავდება დანარჩენი ფსიქიკური პროცესებისაგან რაღაცა ნიშნებით, რომელიც ახასიათებს მხოლოდ ემოციას და ეს ემოციის ნიშნები მინდა, რომ, ზოგადად, გაგაცნოთ.

ყოველდღიურ ცხოვრებაში იმას, რაც ემოციაა, ჩვენ ვეძახით გრძნობას. გრძნობები ოდნავ სხვაგვარად განიმარტება ფსიქოლოგიაში.

„განზოგადება და, მაგალითად, სიყვარულის განსაზღვრება არ არსებობს და ვერც ვერავინ ვერ იტყვის, ზუსტად რა არის სიყვარული.

რატომ? იმიტომ, ყველა ადამიანს გააჩნია ისეთი სიყვარული, როგორიც არის მისი შინაგანი სამყარო, როგორი გამოცდილებაც მას აქვს წარსულიდან გამომდინარე.“

რა არის ემოცია?

ემოცია არის ფსიქიკური ფენომენი, რომლის ყველაზე უფრო მკვეთრი დამახასიათებელი ნიშანი არის სუბიექტურობა. სუბიექტურობა ნიშნავს იმას, რომ ეს არის მხოლოდ ჩემთვის დამახასიათებელი რაღაც, კონკრეტულად, დამოკიდებულება რაღაცა ობიექტის, ადამიანის და სამყაროს მიმართ.

სუბიექტურობა ნიშნავს იმას, რომ, თუ მე მომწონს ეს ნივთი და საგანი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ობიექტურად ეს ნივთი ან საგანი არის კარგი ან მოსაწონი. სუბიექტურობა ნიშნავს იმას, რომ ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი. თქვენი დამოკიდებულება იგივე ნივთის მიმართ შეიძლება, არ იყოს მოწონება. შეიძლება, არ იყოს დადებითი დამოკიდებულება. ამიტომ, როდესაც ემოციებზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ, რომ ყველა ემოცია არის ინდივიდუალური. ერთ – ერთი ყველაზე დიდი ემოცია არის სიყვარული.

განზოგადება და, მაგალითად, სიყვარულის განსაზღვრება არ არსებობს და ვერც ვერავინ ვერ იტყვის, ზუსტად რა არის სიყვარული.

რატომ? იმიტომ, რომ ეს არის სუბიექტური. ყველა ადამიანს გააჩნია ისეთი სიყვარული, როგორიც არის მისი შინაგანი სამყარო, როგორი გამოცდილებაც მას აქვს წარსულიდან გამომდინარე. ამიტომ, ვიღაცის ემოციებზე მსჯელობა ძალიან რთულია. იმიტომ, რომ ის მხოლოდ მის სამყაროს ახასიათებს და ობიექტური რეალობა არ ემოციებში არის ძალიან ცოტა.

მეორე თვისება, რომელიც ახასიათებს, ემოციის მთლიანობაა. ემოცია ყველაფერს მოიცავს. როდესაც თქვენ ხართ მძაფრ ემოციებში, თქვენი აზროვნებითი პროცესები, თქვენი აღქმა, შეგრძნებები, რომელთა დახმარებითაც ინფორმაციას იღებთ გარესამყაროს შესახებ, გადაფარულია, აი, ამ ემოციით. თუ თქვენ გაქვთ დადებითი ემოცია, თქვენი აზროვნების შინაარსი არის უფრო პოზიტიური, თქვენი შეგრძნებები არის უფრო პოზიტიურისკენ მიდრეკილი, უფრო ნათელ ფერებში ხედავთ სამყაროს.

თუ გაქვთ ემოცია, რომელიც არის უფრო ნეგატიური შინაარსის მატარებელი, მაგალითად, ზიზღი, მაშინ შემეცნებითი პროცესები, შეგრძნებები, თქვენი აზროვნება, ფიქრები – ყველაფერი ნეგატიურ ელფერს იძენს ხოლმე.

ემოციის მესამე თვისება არის მისი ხანგრძლივობა. ემოცია არის ისეთი რამ, რაც ხანგრძლივად გაჰყვება ადამიანს. ეს არ არის ის ფენომენი, რომელიც მოგიცავთ ერთი დღე ან ერთი კვირა. ემოცია იმითი განსხვავდება სხვა ფსიქიკური ფენომენებისგან, რომ მას გააჩნია დროში განგრძობადობა. ის არის უფრო სტაბილური, უფრო დიდხანს გაგყვებათ ხოლმე ემოცია.

ბოლო თვისება, რომელიც ემოციას ახასიათებს, არის ამბივალენტობა. ამბოვალენტობა ნიშნავს იმას, რომ ემოციას ორმაგი ბუნება გააჩნია. შეიძლება, დადებითი კომპონენტიც იყოს ამ ერთ ემოციაში. მაგალითად, სიყვარული შეიძლება შეფერილი იყოს დადებითად, თუმცა, მას თან ახლდეს უარყოფითი კომპონენტიც.

ვთქვათ, ობიექტისადმი თქვენი სიყვარული შეიძლება დადებით კომპონენტს მოიცავდეს, თუმცა, ამავდროულად, დადებით განცდებს ცვლიდეს სხვა ემოციები.

მაგალითად, ადამიანზე, რომელიც მიყვარს, ვბრაზდები ხოლმე. ანუ, გამოდის, რომ ამ კონკრეტული ადამიანის მიმართ მე სხვადასხვაგვარ ემოციებს განვიცდი. ანუ, ემოციას გააჩნია ორმაგი ბუნება. ის წმინდა სახით არ არის მოცემული.

 

ფსიქოლოგი თეა კაჭარავა

სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის სალონური საუბრებიდან