დეპრესია

 

რა არის დეპრესია? როგორ ვლინდება? დეპრესია ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომპლექსური მდგომარეობაა, რომელიც შესაძლოა განსხვავებული სიმპტომებითა და სიმწვავით გამოვლინდეს. დეპრესიის დროს ითრგუნება ფსიქიკური აქტივობა, რაც ვლინდება ქცევის უკიდურეს პასიურობაში, თვითშეფასების დაქვეითებასა და შფოთვის მაღალ ხარისხში. ჯანმოს შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 1 მილიონი თვითმკვლელობის შემთხვევა ფიქსირდება.
დეპრესია ხასიათდება განსაკუთრებულად გამოკვეთილი უარყოფითი ემოციური ფონით, ცვლილებებით მოტივაციურ-ნებელობით სფეროში და საერთო ქცევითი პასიურობით. სუბიექტურად, დეპრესიაში მყოფი ადამიანი უარყოფითი, ხშირად უაღრესად მძიმე ემოციური მდგომარეობის ტყვეობაშია. დაკარგული აქვს ცხოვრების ხალისი, ტანჯავს დათრგუნულობა, უიმედობა, სევდა, სასოწარკვეთილება. შეზღუდულია სურვილები, მოშლილია მოტივაციური მექანიზმები: ძილი, მადა, სექსუალური ლტოლვა. მკვეთრად არის დაქვეითებული ნებელობა – ადამიანს ძალიან უჭირს აიძულოს თავი რაიმე გააკეთოს.

დეპრესიის ემოციური გამოვლინებებია:
• გაღიზიანება;
• დანაშაულის გრძნობა – საკუთარი თავის დადანაშაულება;
• საკუთარი თავის უკმაყოფილება – დაბალი თვითშეფასება;
• ადრე მიღებული საქმიანობიდან სიამოვნების განცდის შემცირება ან დაკარგვა;
• გარემოს მიმართ ნაკლები ინტერესის ქონა.

დიდი დეპრესიის დროს ხშირად თავს იჩენს კოგნიტური სფეროს ფუნქციონირების ზოგადი დაქვეითება:

• შენელებულია აზროვნება;
• გართულებულია ყურადღების კონცენტრაცია;
• რთულდება დახსომებისა და აღდგენის პროცესი;

დეპრესიისთვის დამახასიათებელია აკვიატებული აზრები საკუთარ პასუხისმგებლობაზე, უსუსურობის განცდა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ, რომელსაც თან ერთვის უპერსპექტივობის მწვავე განცდა. მკვეთრად არის დაწეული, ზოგჯერ თითქმის განადგურებულია, სუბიექტის თვითშეფასება. შეცვლილია დროის აღქმა – დრო წარმოუდგენლად ნელა გადის, განსაკუთრებით დილის საათებში, როცა სევდა და შფოთვა ახალი ძალით ეუფლება პიროვნებას. ქცევა ხდება შენელებული და უინიციატივო, ადამიანი დასუსტებულია, მალე იღლება, რაც, საბოლოოდ, პროდუქტიულობის შესამჩნევ კლებას იწვევს.

მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიის დროს ადამიანს არ ტოვებს თითმკვლელობასთან დაკავშირებული აზრები. როცა სევდა უსაშველო ტანჯვის სახეს იღებს, ამ დროს ყველაზე მეტად იზრდება სუიციდის რისკი.

დეპრესიის მსუბუქ ფორმებს შეიძლება დაწეული ფუნქციონალური მდგომარეობის ხასიათი ჰქონდეს, რასაც პერიოდულად თითქმის ყველა განიცდის. გამოყოფენ ე.წ. ნევროზულ დეპრესიასაც, რომელიც ნაკლებ მძიმეა და უპირატესად დაღლილობის ან სტრესის შედეგად აღმოცენდება. იგი გამოიხატება ადამიანის მიერ ყოველგვარი ქცევის ცნობიერ უარყოფასა და აქტიურობის დაკარგვაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დეპრესია პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს ყველა ფსიქიკურ დაავადებებს შორის. მან დღევანდელ ლიდერებს – ინფექციურსა და გულ – სასხლძარღვთა დაავადებებსაც კი გადაუსწრო. გარდა ამისა, მსოფლიოში თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლის 40-დან 60 პროცენტამდე მაჩვენებელი დეპრესიით დაავადებულ ადამიანებზე მოდის.

ფსიქიკის ჩვეული ფუნქციონირებისას ნერვულ უჯრედებს შორის არსებული ნეირომედიატორები საჭირო რაოდენობით გამოიყოფა და შესაბამისი რაოდენობის იმპულსაციას იწვევს. დეპრესიის დროს იმპულსაცია არასაკმარისია, რის გამოც ნეირომედიატორების ცვლა და ნერვულ ქსოვილში იმპულსის გადაცემა ირღვევა. ამ დროს სააზროვნო პროცესების შემცირება და განწყობის დაქვეითება იჩენს თავს.

ფარმაკოთერაპიის დროს, სხეულში ანტიდეპრესანტის მოხვედრის შემდეგ ის სხვადასხვა მექანიზმით აღადგენს ნეორომედიატორის რაოდენობას და იმპულსაციაც მატულობს. ანტიდეპრესანტით მკურნალობის ეფექტის დასანახად სულ მცირე 3–4 კვირა არის საჭირო.

დეპრესიის ფორმები შეიძლება იყოს:

• კლასიკური დეპრესია;
• ფარული შენიღბული დეპრესია;
• შფოთიანი აჟიტაციური დეპრესია;
• დეპრესიულ-პარანოიალური მდგომარეობები;
• ასთენიური დეპრესია;
• ადინამიური დეპრესია;
• სუბდეპრესია.

 

წყარო: ირაკლი იმედაძე „ფსიქოლოგიის საფუძვლები“

მარიამ მაჭავარიანი